შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავეს – დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული უ.ჰ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ო.ა., 2000 წელს დაბადებული ა.ს., 1954 წელს დაბადებული ზ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1976 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ფ.ი.
შსს ამტკიცებს, რომ მიუხედავად საკონტროლო შესყიდვისა, ფარული გადაღებებისა, ნარკოტიკის შენახვის ადგილები დაკავებულებმა მიუთითეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
შსს არ წერს, ვისგან ყიდულობდა, ან საიდან შემოჰქონდა ამ 6 პირს ნარკოტიკი.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 18-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.
