“მადანაშაულებდნენ, რომ კაფე რამდენჯერმე ერთ ადამიანს გადაეცა” – კალაძე “მზიურის” აუქციონზე გატანის მიზეზს ხსნის

თბილისის მერი, განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მერიამ “კაფე მზიურის” აუქციონზე გატანა. მისი თქმით, ადანაშაულებდნენ, რომ კაფეს შენობა რამდენჯერმე ერთ ადამიანს გადაეცა პირდაპირი წესით, მას კი არ უნდა “ეს თემა გახდეს სალაპარაკო”,
“რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე პირდაპირი წესით მიცემა, რაშიც მე მადანაშაულებდნენ და რა თქმა უნდა, არ მინდა, ეს თემა გახდეს სალაპარაკო. სტატუსი იქნება იგივე. არსებობს, ალბათ, ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი იგივე პროექტი განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემ წინააღმდეგ, ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადებული იქნება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა”, – თქვა კახა კალაძემ.
“მზიურის კაფეს” აუქციონზე გატანის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, 15 ივნისს გახდა ცნობილი. კაფეს მენეჯმენტმა ქონების მართვის სააგენტოსგან შესაბამისი წერილი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.
კაფეს მენეჯერი, ანა გოგუაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულეს და კიდევ უფრო მეტი აქტივობა განახორციელეს, წარადგინეს, აუდიტის დასკვნაც. ის ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება, შესაძლოა, მის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდეს.
“მე არ ვარ ადამიანი, რომელიც არის ყოველთვის ყველაფერზე ჩუმად. არ ვარ და ვერ ვიქნები ადამიანი, რომელიც პარტიებს უკრავს ტაშს ყოველთვის”, – უთხრა გოგუაძემ “მთავარ არხს”.
“კაფე მზიურის” გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ავტორები “მზიურის” ყველა გულშემატკივარს სთხოვენ, შეუერთდნენ ხელმოწერებს და შეინარჩუნონ კაფე. მათი შეფასებით, “ამ სივრცის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები”.