2025 წელს ლურჯი მოცვის საშუალო ფასი 15-20%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ “საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, თორნიკე ფანჯავიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
ფანჯავიძის თქმით, ფასების ზრდა უკავშირდება გლობალურად შემცირებულ მოსავალს, რაც ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის არახელსაყრელი ამინდის შედეგად დადგა.
„გლობალურ ჭრილში მოცვის ინდუსტრიაში იყო შედარებით მაღალი ფასი – იგივე იყო სერბეთშიც, იგივეა ახლა პოლონეთშიც. იყო ამინდის პრობლემა და მოსავლიანობა გლობალურად შემცირდა“, – აღნიშნა ფანჯავიძემ.
მისივე განცხადებით, ევროპასა და რუსეთში მოცვის ფასები სტაბილური დარჩა. ევროპის ბაზრებზე, როგორიცაა ნიდერლანდები და პოლონეთი, ფასი სეზონის განმავლობაში დიდი მერყეობით არ გამოირჩეოდა.
„ევროპაში ფერმერს მოცვის რეალიზაციის შედეგად საშუალოდ 5-დან 5.5 ევრო რჩება. ეს სტაბილური ბაზარია – არც ძალიან მაღალი ფასია სეზონის დასაწყისში და არც დაბალი სეზონის ბოლოს“, – განმარტა ფანჯავიძემ.
რაც შეეხება აზიის ბაზრებს, მათ შორის ინდოეთს, საუდის არაბეთსა და დუბაის, ფანჯავიძე მათ ნიშურ და მზარდ მიმართულებებად აფასებს, სადაც ულტრა პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მაღალ ფასად გაყიდვაა შესაძლებელი.
