სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით. უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც იმ ოფიციალური პირებისთვის, ვინც სამოქალაქო პირებს არბევს – ზოგადად ვფიქრობ, რომ ამერიკის ეკონომიკური სანქციები, ან სამოგზაურო აკრძალვები ძირეულად არ შეცვლის სიტუაციას საქართველოში, მაგრამ, ასევე მჯერა, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ არ ვართ კმაყოფილი, არ მოგვწონს ის, როგორც „ქართული ოცნება“ იქცევა, – ამის შესახებ „ჰადსონის“ ინსტიტუტის მკვლევარმა, ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია აჭიანურებს და თავს იკავებს საკვანძო გადაწყვეტილებებისგან, შემდეგ კი იღებს ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც ნახევარზომაა.
„სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით. უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც იმ ოფიციალური პირებისთვის, ვინც სამოქალაქო პირებს არბევს. ერთ-ერთი პრობლემა სამოგზაურო ვიზებთან დაკავშირებით ისაა, რომ არ ვიცით, ის ვის ეხება. მესმის ორივე მხარეს მყოფთა არგუმენტები- მათიც, ვინც ამბობს, რომ სახელები საჯარო არ უნდა იყოს, მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს და ყველამ უნდა იფიქროს, არის თუ არა ისიც ამ სიაში. მაგრამ, იმაშიც ვხედავ ღირებულებას, რომ საჯაროდ დასახელდნენ ამ სიაში მყოფები, რათა ქართველმა ხალხმა იცოდეს, ვინ არის სამიზნე და ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტებზე თავდასხმაში. ასე რომ, მადლობელი ვარ ამ [სანქციების დაწესებისთვის], მაგრამ ვფიქრობ, ის დაგვიანებულია და არც ისე საკმარისი“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.
მისივე თქმით, არ აქვს პასუხი, რატომ აყოვნებს ბაიდენის ადმინისტრაცია ფინანსური სანქციების დაწესებას.
„რატომ აყოვნებს ამას ბაიდენის ადმინისტრაცია? – არ ვიცი. ეს ვაშინგტონში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ცოტა საკითხს ნახავთ, რაზეც აქ [ვაშინგტონში] ორპარტიული მხარდაჭერაა. თუმცა, რეპსუბლიკელები და დემოკრატები, როგორც საექსპერტო წრეებში, ისე კონგრესში, ემხრობიან ამერიკის მხრიდან უფრო მკაცრ, უფრო ძლიერ საპასუხო ქმედებას, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია, რატომღაც თავს იკავებს. არ ვიცი, ამას ვინ ბლოკავს, მაგრამ იმავეს ვხვდებით უკრაინასთან მიმართებაშიც, ყოველთვის იგვიანებენ, ნახევარზომებს იღებენ და არასდროს დგამენ გადამწყვეტ ნაბიჯს. იმავეს ვხედავთ საქართველოს შემთხვევაში. როგორც ამერიკელი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ და მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმის, რას ფიქრობენ ჩემი ქართველი მეგობრები“, – განაცხადა კოფიმ.
რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნების“ შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს არეულობა დაუტოვოს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას, კოფი ამბობს, რომ „მიუხედავად იმისა, კარგია ეს თუ ცუდი, საქართველო ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალიან უმნიშვნელო იქნება“.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა ძალიან გულუბრყვილოა, თუ ფიქრობს, რომ მათი ყველა პრობლემა გაქრება იმ წამს, როდესაც ტრამპი [საპრეზიდენტო] ფიცს დადებს“.
„ირანი, ჩინეთი, უკრაინა, იმიგრაცია, დეპორტაცია, ვაჭრობა, ტარიფები, საკვებზე ფასები- ესაა ის თემები, რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს. სირიაში მიმდინარე მოვლენებზეც კი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არ სურს ჩარევა. ასე რომ “ქართული ოცნების” წევრები, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი [ხელისუფლებაში] მოვა და ყველაფერი დალაგდება, უიმედოდ მიამიტები არიან. მაგრამ ეს ასევე მართალია იმ ხალხისთვისაც, ვინც ქუჩაში დგას და ვისაც ძალიან სწორად სჯერა, რომ მათ თავიანთი ევროპული მომავალი წაართვეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ ამერიკიდან დახმარების იმედი, რადგან ეს, ალბათ არ მოხდება. მესმის, რომ ამის მოსმენა ქართველი ხალხისთვის მძიმეა, მაგრამ რეალობა ესაა. ასე რომ, თუ ქართველ ხალხს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება სურს, ყველაფერი საკუთარ ხელში უნდა აიღოს და საკუთარი ბედი თავად განსაზღვროს“,- განაცხადა ლუკ კოფიმ.