ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიაში, სადაც მას ლექცია უნდა წაეკითხა, დაფაზე დახვდა წარწერა: „ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“. სწორედ კაჟაშვილმა გაუშვა 12-დღიან პატიმრობაში სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი.
19 ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოექცა, როდესაც 16 წლის ასაკში, ერთ-ერთ სკოლაში ჩამოხსნა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები.
„ამ ადამიანს მოუწევს ჩაატაროს ლექცია ამ წარწერის ფონზე. არ ვიცი, მისთვის მორალურად რამდენად შემაწუხებელია, მაგრამ მგონია, რომ სადღაც შეწუხდა“, – თქვა პირად ფეისბუკგვერდზე პირდაპირ ეთერში საუბრის დროს სტუდენტმა არჩილ ბერიძემ.
როგორც ბერიძემ აღნიშნა, ის ლუკა ნაცვლიშვილის მეგობარია და უნივერსიტეტში მივიდნენ იმის სათქმელად, რომ „ის არის უსამართლო მოსამართლე და კორუმპირებული“, დაფაზე კი დაუტოვეს წარწერა.
მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა, რომელიც ამავდროულად არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 27 მაისს 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ლუკა ნაცვლიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ბათუმში დააკავეს. დაკავების თვითმხილველი მისი მეგობარი არჩილ ბერიძე იყო. მისი მონაყოლის მიხედვით, 26 მაისის აქცია დასრულებული იყო, როდესაც ლუკა ნაცვლიშვილი და სხვა მეგობრები გარკვეულ საკითხზე საუბრობდნენ, რა დროსაც ნაცვლიშვილი დააკავეს:
„30-მდე პოლიციელი მოვარდა, ლუკა წაიყვანეს… გავარიდეთ სიტუაციასო, მაგრამ დაიჭირეს“.
ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მულით: პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა (173) და წვრილმანი ხულიგნობის (166) მუხლებით. სწორედ ამ ორ მუხლს იყენებს ხოლმე პოლიცია დემონსტრანტების დასაკავებლად.
სასამართლო, რომლის მიკერძოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები ისმის, ხშირად იყენებს ადმინისტრაციულ პატიმრობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობენ. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე დემონსტრაციების მთავარი მოთხოვნებია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.
ფორუმი
