„ლუკა პოლარე“ ბაქოს შემდეგ ფილიალის გახსნას უზბეკეთში გეგმავს

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ბაქოს შემდეგ ფილიალის გახსნას უზბეკეთში გეგმავს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით და ბაქოში ახალი ფილიალების გახსნა იგეგმება, პარალელურად, სხვა ქვეყნებზე მუშაობაც მიმდინარეობს.
„ბაქოს პარალელურად სხვა ქვეყნებზე მუშაობაც მიმდინარეობს. ერთ-ერთ პირველ ქვეყნად უზბეკეთი განიხილება.
ქვეყნიდან გასვლის გეგმა თავიდანვე მეზობელ ქვეყნებზე მუშავდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვისაც პირველი გამოცდილება იყო და გვინდოდა ისეთი ქვეყანა შეგვერჩია, რომლის სპეციფიკასაც მეტ-ნაკლებად ვიცნობდით.
2024 წელს ბაქოში გაფართოება იგეგმება, ახალი ფილიალები გვექნება საქართველოს მასშტაბითაც. ამას გარდა, უახლოეს პერიოდში სრულად გადახალისდება ლანჩის მენიუ, ასე რომ, საინტერესო სიახლეები ელით ჩვენს სტუმრებს“, – განმარტავენ კომპანიაში.
„ლუკა პოლარემ“ ბაქოში მე-2 ფილიალი რამდენიმე დღის წინ გახსნა, პროექტის ინვესტიცია 150 000 დოლარი იყო. ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად 2023 წლის ზაფხულში გავიდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა.
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ბაზარზე უკვე 15 წელია არის და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში – 16 ფილიალი, ბათუმში -5, ქობულეთში – 1, ქუთაისში – 1, რუსთავში – 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში – 2 ფილიალით.