ლუკა მატკავა: “სქარლეთსი” მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება

ჩელენჯ თასის პირველ ტურში ტოპ 14-ის “ვანთან” მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ (22:19), “შავი ლომის” მოთამაშეებმა ცოტა დაისვენეს და 15 დეკემბერს უელსში, “სქარლეთსთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
ჰლანეჰლიში, Parc y Scarlets-ზე თამაში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ქართულ გუნდს ფლეი ოფში პირველად გასვლის რეალური შანსი გაუჩნდება.
23 წლის ლუკა მატკავა 305 ქულით “შავი ლომის” საუკეთესო მექულეა. “ვანთან” მან გუნდს 5 ჯარიმითა და ერთი გარდასახვით 17 ქულა შესძინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
“ეს არაფერს ნიშნავს და სრულად თანაგუნდელების
დამსახურებაა. ბიჭებმა შექმნეს მომენტები, რომლებიც მე გამოვიყენე”, – აღნიშნავს მატკავა და განვლილ შეხვედრას აფასებს:
“რთული თამაში გამოვიდა. მანამდე ვითამაშეთ რაგბი ევროპის სუპერთასი, რის შემდეგაც ასეთი მაღალი დონის ტურნირზე გადართვა მოგვიწია, რაც ძალიან რთულია. თუმცა ამოცანას თავი კარგად გავართვით და მიუხედავად შეცდომებისა შეხვედრა პოზიტიური შედეგით დავასრულეთ. კარგია, რომ ასე მოხდა და წაგებულ თამაშზე არ მოგვიწია რაღაცების სწავლა.
ვფიქრობ, ძალისმიერ თამი თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ალბათ, უფრო დისციპლინის პრობლემები გვქონდა. ძალიან ბევრი ელემენტარული ჯარიმა ავიღეთ და შემდეგი თამაშისთვის სწორედ ეს გვაქვს გამოსასწორებელი. “ვანთან” მოგება თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩანს, რომ ამ ტურნირზე ასპარეზობა შეგვიძლია და უელსშიც ბევრად უფრო თავდაჯერებულები მივდივართ”.
ახლა “შავი ლომი” მეორე თამაშისთვის ემზადება, ნაცნობ გუნდ “სქარლეთსთან”, რომელთანაც ზუსტად ერთი წლის წინ, 15 დეკემბერს, ჩელენჯ თასზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მაშინ ქართველებმა მეტოქეს Parc y Scarlets-ზე 23:7 სძლიეს. მატკავა ფიქრობს, რომ უელსელები რევანშის აღებას ეცდებიან და წელს უფრო ძლიერ გუნდს დაახვედრებენ:
“ველოდები, რომ “სქარლეთსი” ძალიან მაგარ გუნდს დაგვიყენებს და მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს მათ შარშანდელთან შედარებით ბევრად კარგი გუნდი ჰყავთ და მძიმე მატჩი გველოდება. განვიხილეთ მათი და “ბაიონას” თამაში. შარშან “სქარლეთს” ძალიან სუსტი შერკინება ჰყავდა, წელს ეს კომპონენტი გამოსწორებული აქვთ, ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და მეტოქეს მოდუნებს შესაძლებლობას არ აძლევენ”.
“შავი ლომი” უელსში პარასკევს გამთენიისას მიემგზავრება, “სქარლეთსთან” მატჩის შემდეგ კი საახალწლო შესვენებაზე გავა და ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპს 2025 წლის იანვარში გააგრძელებს – 11 იანვარს ტოპ 14-ის კიდევ ერთ გუნდ “ბაიონას” თბილისში, “მიხეილ მესხზე” ვუმასპინძლებთ, 19 იანვარს კი “ედინბურგს” შოტლანდიაში ვეწვევით.
Rugby.ge