ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი ამბობს, რომ ვეტერანმა სპორტსმენმა მასზე ფიზიკურად იძალადა პოლიციელების თვალწინ

ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ ვეტერანი სპორტსმენი მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა.
კადრებში, რომელსაც TV პირველი ავრცელებს, ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლციის ეკიპაჟი. თუმცა, აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძაალდობის ამსახველი ვიდეო
“დააკავეთ, რატომ არ აკავებთ? ხოა მოძალადე?” […] “ტელეფონიდან ნუ შლი იმ ვიდეოს! ტელეფონიდან შლის საპატრულ ეკიპაჟის წევრი ვიდეოს! საპატრული ეკიპაჟის წევრი ვიდეოს შლის ჩემი ტელეფონიდან! ტელეფონი დამიბრუნეთ სასწრაფოდ!”, – ასე მიმართავს ქალი პოლიციელებს.
ხათუნა მიქაცაძე TV პირველს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ჩაერთო და მოუყვა, რომ პოლიციისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა მათ აქამდე არ ჰქონიათ შესაბამუსი რეაგირება. მისივე თქმით, კურტანიძეზე დამცავი ორდერი იყო გამოწერილი და მას ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მიქაცაძეს ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალი სახეზე და მკლავებზე. მისივე თქმით, დაზიანებები აქვს მუხლებზეც.
“ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან […] ლუკა კურტანიძეს. მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული. 9-თვიანი დამცავი ორდერია მის მიმართ გამოწერილი. მოახლოება აქვს აკრძალული […] მისამართი ვუთხარი საპატრული ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ [ჩემთან] და წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო […] ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და საცელმწიფოს უპირისპირდებიო. მუხლები მაქვს დაზიანებული, ხელზე მაქვს [დაზიანებები]”, – ამბობს ხათუნა მიქაცაძე.
“ნეტგაზეთი” დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციას უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.
ვეტერანის სპორტსმენი ლუკა კურტანიძე იყო პარლამნეტის წევრი “ქართული ოცნებიდან”. ის ასევე არის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. მისი მხირდან ძალადობაზე მიქაცაძეს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია.