ბელარუსი „ექსტრემისტული ხასიათის“ დანაშაულის წინაშეა – ამბობს პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და მოუწოდებს ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს, შეიქმნას სპეციალური, შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ქალაქებში და ქვეყანაში წესრიგს უზრუნველყოფს.
სპეციალური ჯგუფების შექმნის იდეას ბელარუსის პრეზიდენტი ხალხზე ზრუნვის მოტივით ხსნის.
„ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ სახლში, სამსახურში, ქუჩაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს“, – ამბობს ლუკაშენკო ვიდეოში, რომელიც სამთავრობო მედიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ქვეყნის პრეზიდენტი, სავარაუდოდ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს „ავაზაკებად“ მოიხსენიებს.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რათა შევინარჩუნოთ კანონი და წესრიგი არის ავაზაკების ქმედებების აღკვეთა და სულების დაკარგვის თავიდან აცილება, რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით, თუ რას უმიზნებენ მათი უცხოელი კურატორები“, – ამბობს ლუკაშენკო ვიდეოში და შესაბამის უწყებებს მოსალოდნელი რისკების შესახებ მიუთითებს.
„ვაფრთხილებ შსს-ს, კგბ-ს სპეცსამსახურებს, პროკურატურას – ყველას: ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ვითარება და ჩვენი ბიჭები უნდა იყვნენ ქუჩაში… პატრული უნდა იყოს შეიარაღებული მცირე იარაღით, მინიმუმ პისტოლეტებით“, – ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.
ლუკაშენკოს მმართველობის პირობებში ბელარუსში უკვე წლებია იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები და კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ლიდერთა დიდი ნაწილი დაკავებულია, ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა და ევროპას შეაფარა თავი.
იანვარში ბელარუსში დაიწყო გამოძიება 20 დამოუკიდებელი ანალიტიკოსისა და კომენტატორის ჯგუფის თაობაზე, რომლის წარმომადგენლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან. გამოძიება ყველა ამ პირს ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებენ, ნაწილი კი ამბობს, რომ ის ევროპის ბოლო დიქტატორია.
ლუკაშენკომ უკრაინაში რუსეთის ომის პირობებში, მოსკოვს არაერთხელ დაეხმარა. კიევის მიმართულებით შეტევა რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან წამოიწყო. მას შემდეგ ლუკაშენკომ ოფიციალური კიევი არაერთხელ გააკრიტიკა და სიტყვა-სიტყვით გაიმეორა კრემლის გზავნილები.
ლუკაშენკომ და პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას, იმის შესახებაც, რომ ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განლაგდებოდა.
ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს, 2020 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი მან – როგორც დამკვირვებლები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ – არჩევნები გააყალბა და ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივა.
ბელარუსში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2025 წელს გაიმართება. 2024 წელს კი იქ ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები იმართება.