ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა.
მიხეილ სარჯველაძის ცნობით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი სიტყვებით, სამინისტრო გადახედავს პროექტებს, რომ “მის განვითარებას შეფერხება არ ჰქონდეს”.
მინისტრმა წუხილი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით “ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული”.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა(NCDC) და ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს – იგივე ლუგარის ლაბორატორიას – ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა და საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება გახდა.