რატომ არის საქართველო გასტროტურისტებისთვის მიმზიდველი – ამ საკითხთან დაკავშირებით „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„ინტერესი (ქართული გასტრონომიის მიმართ) იმიტომ არის, რომ პირველ რიგში გემრიელი და მრავალფეროვანია. იგივე ხინკალი რომ ავიღოთ, იგივენაირი კერძი ბევრ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებულობა ტექნოლოგიურ პროცესშია, ასევე გემოებში. იგივე ქართული ფხალეული, რომელიც უნიკალურია, ასევე ნიგვზიანი ბადრიჯანი. მსოფლიო ტენდენცია იქითკენ წავიდა, რომ ვეგანური და ჯანსაღი პროდუქტები უფრო პოპულარული გახდა. ქართული გასტრონომია ამ ყველაფერს ძალიან კარგად მოიცავს. ამის პოპულარიზაცია უფრო მეტად შეიძლება. „გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია“ ლონდონში ჩატარებულ გასტრონომიულ ფესტივალში იყო ჩართული. საქართველოს ჩვენი თავმჯდომარე გურამ ბაღდოშვილი წარმოადგენდა, ფესტივალზე უდიდესი ინტერესი გაჩნდა. მან აღნიშნა, სტუმრად ჩამოვედით და მასპინძლებად ვიქეცითო. ჩვენს სტენდთან, ფაქტობრივად, რიგები იდგა. ქართული გასტრონომია დიდ ინტერესს იწვევს უნიკალური გემოების, სურნელის გამო, იგივე სუნელით, მწვანილით, რომელსაც ბევრს ვხმარობთ, სოუსების მრავალფეროვნება გვაქვს. ეს მათთვის ახალია. იტალიურმა, ტაილანდურმა პოპულარობა უკვე მოიპოვა, ჩვენი როგორც სიახლე, ისე შემოვიდა. გასტრონომიული ტურისტისთვის სიახლე ყოველთვის საინტერესოა. ისინი ყოველთვის სიახლეს ეძებენ.
ლონდონში ფესტივალმა ძალიან კარგად ჩაიარა. დიდი რიგები იყო და ქართულმა გასტრონომიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ეს პოპულარიზაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგვიცნონ. რაც მეტს გავიტანთ, გავასინჯებთ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ნაბიჯი საიმიჯო და მნიშვნელოვანი იქნება.
გასტრონომიული ტურიზმით ევროპის ქვეყნებიდან, იაპონიიდან, აშშ-დან იყვნენ ხოლმე დაინტერესებულები, მაგრამ ქცევა შეიცვალა. მაგალითად, ინდოელებში, რომლებიც თავიანთი გასტრონომიის გარდა არაფერს აღიარებდნენ, თავის მზარეულები ჩამოდიოდნენ ხოლმე, ინტერესი გაჩნდა, ღვინით და გასტრონომიული ტურიზმითაც კი დაინტერესდნენ. ასე რომ, ქცევა შეიცვალა. უფრო გლობალური გახდა, ინტერესები გაფართოვდა”, – განაცხადა კვიჭიძემ.
kvira.ge
