ლონდონში უცნობმა პირებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩის მხატვრის – ბენქსის ომის საწინააღმდეგო შინაარსის ნამუშევარი გაიტაცეს.
ეს მოხდა ერთ საათში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ნამუშევრის არსებობა. თვითმხილველების თქმით, ნამუშევარი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ორმა მამაკაცმა წაიღო. ისინი გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ.
ნამუშევარი წარმოადგენს წითელ საგზაო ნიშანს წარწერით “სდექ”, რომელზედაც ბენქსიმ გამოსახა სამი მფრინავი დრონი. ნამუშევარი მალევე გაიტაცეს მას შემდეგ, რაც მხატვარმა სოციალურ ქსელში ავტორობა დაადასტურა და მიუთითა მისამართი, სადაც ნამუშევარი იმყოფებოდა.
გატაცებას შეესწრნენ ლონდონელები, რომლებიც სპეციალურად მივიდნენ ბენქსის ახალი ნამუშევრის სანახავად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბენქსის ნამუშევრებს ქუჩიდან იპარავენ. 2022 წლის ბოლოს, კიევის მახლობლად, გოსტომელში, ადგილობრივმა მცხოვრებმა სცადა მოეპარა ბენქსის გრაფიტი, აირწინაღიანი ქალის გამოსახულებით, რომელსაც ხელში ცეცხლმაქრი ეჭირა. მან კედლიდან ნამუშევარიი თაბაშირთან ერთად ამოჭრა და მის გადატანას ხის ფიცრებისა და პოლიეთილენის გამოყენებით ცდილობდა.
ნამუშევარი დააბრუნეს, ხოლო ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის ქურდობის მცდელობაში საომარი მდგომარეობის პირობებში.
2019 წელს ბენქსის გრაფიტი მოიპარეს პარიზში, მუსიკალური კლუბის Batkalan-ის კარებიდან, სადაც 2015 წელს ტერაქტის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ბენქსის ქუჩის ნამუშევრებს ასევე ხშირად აზიანებენ ხოლმე.
ბენქსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩის არტისტია. კონკრეტულად ვინ იმალება ამ ფსევდონიმის უკან – კაცი, ქალი თუ შემოქმედებითი გუნდი, უცნობია. ბენქსის გრაფიტი ხშირად ჩნდება სოციალური და სამხედრო კონფლიქტის წერტილებში. ისინი წარმოადგენენ ომის საწინააღმდეგო და სოციალური სამართლიანობისკენ მოწოდებებს.