აქციაზე დაკავებული ლომიძისა და ზასოხაშვილის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე გალუსტაშვილი 8 აგვისტოს გამოაცხადებს.
პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 8 აგვისტოს გამოაცხადებს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 30 ივლისის სასამართლო სხდომა დამსწრეებისთვის გააღო. მან დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა 14 ივლისს, მას შემდეგ დახურა, რაც პროკურორმა შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა გდდ-ს თანამშრომლების სხდომაზე გადაღებული ფოტოები.
30 ივლისს გამართულ სხდომაზე, დასკვნითი სიტყვები თქვეს დაკავებულების ადვოკატებმა.
დიმიტრი ვარდიაშვილი, დავით ლომიძის ადვოკატი ამბობს, რომ ავთანდილ ფოცხვერაშვილი და ბადრი თათანაშვილი, დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელები, ცრუ ჩვენების ავტორები არიან.
ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე წაიკითხა მათი ჩვენებები, სადაც დეტალურადაა აღწერილი, სავარაუდოდ, ბრალდებულების ჩაცმულობა და სახის ნაკვთები. ადვოკატის მტკიცებით, შეუძლებელი იყო აქციაზე ასე დეტალურად დაენახათ ვინმე, რადგან იყო წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზის კვამლი, ღამის განათება:
„არა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, არა ბიოლოგიური, არა ქიმიური, არაფერი არ გვაქვს, რა გვაქვს სახეზე – ორი პოლიციელი, რომელსაც არაფერი ახსოვდათ და მათ მიერ მიცემული ჩვენება? რამდენად სანდოა? ხელისუფალი ყოველთვის გამონახავს ორ პოლიციელს, რომელიც უდანაშაულო ადამიანს დაადებს ხელს. სასამართლომ იმსჯელონ სამართლიან, კანონიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ობიექტურად შეაფასოს და გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, რადგან მათი ბრალეულობა არ მტკიცდება”, – ასე დაასრულა დიმიტრი ვარდიაშვილმა, დავით ლომიძის ადვოკატმა, დასკვნითი სიტყვა 30 ივლისს.
ირაკლი აბესაძემ, თემურ ზასოხაშვილის ადვოკატმა თავის დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდება:
„მოწმემ თქვა, რომ [ზასოხაშვილი] სახით და ტანსაცმლით ამოიცნო, ვიდეოჩანაწერში [ის] საერთოდ არ ჩანს, ამოღებული ტანსაცმელი კი მოწმის მიერ ნათქვამისგან განსხვავებულია. „იტყუება ადამიანი”, – თქვა ირაკლი აბსანძემ. ის ფიქრობს, რომ მოწმეები სუბიექტურები იყვნენ და სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
53 წლის დავით ლომიძე პოლიციამ 2024 წლის 1 დეკემბერს აქციაზე ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. მას ბრალი პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან 48 საათში დაუმძიმეს, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა სრულად ამოეწურა.
მას ბრალად ედებოდა პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ შედეგად „სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა“. დავით ლომიძე დანაშაულს არ აღიარებს.
მასთან ერთად დააკავეს 38 წლის თემურ ზასოხაშვილიც. ისიც ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48 საათის ამოწურვის შემდეგ კი დავით ლომიძის იდენტური ბრალი წაუყენეს. ბრალს არც ის აღიარებს.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
