ლოლა ლომიძე: ასეთი რეესტრი ზრდის სტიგმას, ამცირებს მკურნალობაზე მიმართვიანობას, შლის ნდობას პროფესიონალებსა და პაციენტებს შორის

ფსიქოთერაპევტი ლოლა ლომიძე პარლამენტის მიღებულ კანონს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის.
“მცდელობა, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე იდენტიფიკაცია და კატეგორიზაცია, ადამიანების ტკივილის აღრიცხვის ობიექტად ქცევა, წინააღმდეგობაშია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, სამედიცინო ეთიკასთან და კონფიდენციალურობის საერთაშორისო სტანდარტებთან.
ასეთი რეესტრი ზრდის სტიგმას, ამცირებს მკურნალობაზე მიმართვიანობას, შლის ნდობას პროფესიონალებსა და პაციენტებს შორის და არ წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს არც საზოგადოებრივი უსაფრთხოების, არც ჯანმრთელობის პოლიტიკის თვალსაზრისით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე მიდგომები ეფუძნება მხარდაჭერას, ხელმისაწვდომ სერვისს და სტიგმის შემცირებას — და არა ადამიანების დისკრიმინაციულ რეგისტრაციას. აღნიშნულ ინიციატივას მივიჩნევ საზიანოდ, არაეთიკურად და მიუღებლად” – წერს ლომიძე