ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში რჩება, პენტაგონს ინფორმაციის დამალვის გამო აკრიტიკებენ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კლინიკაში რჩება, თუმცა ინტენსიური თერაპიის პალატიდან უკვე გადაიყვანეს. ამის შესახებ 8 იანვარს განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა. მისი ინფორმაციით, მინისტრის გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება, მას სრული წვდომა აქვს უსაფრთხო კავშირის საშუალებებზე, უფლებამოსილებას ასრულებს და აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს ოპერაციებს მთელ მსოფლიოში.
პენტაგონმა ოფიციალურად 5 იანვარს გამოაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი 1 იანვრიდან იმყოფება უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში. თავდაცვის სამინისტროს ოსტინის ჰოსპიტალიზაციის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია და მხოლოდ ის თქვა, რომ კლინიკაში გადაყვანა საჭირო გახდა დეკემბერში ჩატარებული გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულების გამო.
სააგენტო „ბლუმბერგი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესმა ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდნენ.
პენტაგონში აკრედიტებული კორესპონდენტების ასოციაციამ თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა ოსტინის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაციის პოსტფაქტუმ გავრცელების გამო და განაცხადა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რომ მთავრობის წევრი საავადმყოფოშია და მისი მოვალეობა სხვა პასუხისმგებელ პირზეა დელეგირებული.
გამჭვირვალობის მხრივ პრობლემის არსებობა აღიარა თავად ლოიდ ოსტინმა. პენტაგონის საიტზე 6 იანვარს გამოქვეყნდა მინისტრის განცხადება, რომ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი თავად იყო და აღიარებს, რომ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა უკეთ შეიძლებოდა.
რაც შეეხება უფლებამოსილების დელეგირებასა და პრეზიდენტის და კონგრესის ინფორმირებას, პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გარკვეული უფლებამოსილება 2 იანვარს გადასცა მოადგილეს, კეტლინ ჰიკსს და თანამშრომლებს ეს ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს.
გენერალ რაიდერის ინფორმაციით, ოსტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მინისტრის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრ სახლს 4 იანვარს აცნობა. პენტაგონში შეფერხების მიზეზად ის დაასახელეს, რომ მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი გრიპით იყო ავად. კონგრესს ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის ფაქტი ოფიციალურად 5 იანვარს შეატყობინეს.
პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში უკვე მუშაობენ თეთრი სახლის და კონგრესის ინფორმირების პროცედურის გასაუმჯობესებლად.
დაწერეთ კომენტარი