ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან: მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი.
ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ილიას გზას ვერ გაამრუდებთ!“, „თავისუფლების დასაცავად წიგნი უკეთესი იარაღია, ვიდრე არმია“, „ენა, მამული, სარწმუნოება – არცერთს არ დავთმობთ!“
ამასთან, მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშებიც.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ძალა ერთობაშია“ და სწორედ, ერთად უნდა შეძლონ, მიზნების მიღწევა.
„ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, იმ უსამართლობების ჯაჭვი, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ ქვეყანაშია და რომელიც „დაგვირგვინდა“ იმით, რომ საკუთარ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო გადატრიალება მოუწყო“, – აღნიშნა მწერალმა, პაატა შამუგიამ.
მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.