ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება 5 თვეში დასრულდება – “თბილსერვის ჯგუფი”

“თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის დავით ფაჩულიას განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის გაფართოება 1 თვეა დაიწყო.
როგორც მან BM.GE-თან თქვა, ქვეყანა პერიოდულად გადადის ნარჩენების სეპარაციაზე, რეციკლირების პროცესზე, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს არსებული პოლიგონის რესურსი დიდი პერიოდით იყოს გამოყენებული.
“მიმდინარეობს ამ წუთებში მეოთხე უჯრედის მშენებლობა, რაზეც გამოყოფილია მუნიციპალიტეტის სახსრები. მშენებლობა დაახლოებით ერთი თვეა დაწყებულია, 5 თვეში უნდა მორჩეს და უკვე ექსპლუატაციაში შევიდეს.
ძალიან დიდი რესურსი ემატება – მისი მოცულობა, 10 ჰექტარია. ტერასულად იზრდება და ერთგვარი მთასავით უნდა წარმოიქმნას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სტრატეგია, რომ დავიწყოთ რეციკლირება, ნარჩენების სეპარირება, ზუსტად ამ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ უახლოეს წლებში. დღეს სრულად შერეული ნარჩენი ხდება პოლიგონზე და უკვე პროექტების განხორციელების შემდეგ ეტაპობრივად მოხდება ნარჩენების შემცირება. პირველ ეტაპზე 20%-ით, 30%-ით და ა.შ.” – ამბობს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია.
ცნობისთვის, როგორ ცნობილია, ლილოს ნაგავსაყრელზე ახალი უჯრედის მშენებლობა თბილისის ბიუჯეტის სახსრებით 1 თვის წინ დაიწყო, ადგილზე სამუშაოების განხორციელებაში კი 2.5 მლნ ლარი იხარჯება. პოლიგონის გაფართოება მას შემდეგ გადაწყდა, რაც არსებული ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების რესურსის ამოწურვის საშიშროება დადგა.