City Mall-ში, (მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70 | სართული G) ახლახანს გაიხსნა ავსტრიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, ლია (ლიკა) გოგლიძის ბრენდის LIYA-ს სტენდი, რომელიც აერთიანებს ბრენდის ატმოსფეროს, სამკაულებსა და სპეციალურ საახალწლო გიფტ-სეთებს.
LIYA x Moët საახალწლო კოლაბორაცია არის განსაკუთრებული პროექტი, რომლისთვისაც დიზაინერმა სპეციალური სამკაული (საყურე) და საჩუქრის ჩანთა შექმნა.

Moët & Chandon — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ფრანგული შამპანურის სახლი — 270 წელზე მეტ ისტორიას ატარებს.
ცნობისათვის, საქართველოში ლიმიტირებული, მსოფლიოში ექსკლუზიური Moët-ის ბოთლი იყიდება მხოლოდ LIYA-ს სტენდზე.
ბრენდი LIYA 2017 წელს დაარსდა და თავიდანვე გააკეთა აქცენტი თანამედროვე, ხელნაკეთ სამკაულებზე, რომლებიც დასამახსოვრებელი ფორმებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა. თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურად იქმნება და სწორედ ამიტომაც LIYA-ს სტილი ყოველთვის ამოიცნობა. “LIYA” ქალებისთვის შექმნილი ბრენდია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დიზაინერი ამ ხაზის შექმნამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქმნიდა სამოსს “INKYGOLD“-ის სახელით.


ლიკა გოგლიძის შემოქმედებას კი ნამდვილად ახასიათებს შთაგონება და პროფესიონალიზმი!

News.ge: ლიკა, ბრენდი LIYA 2017 წელს დაარსდა და მასში მოიაზრება როგორც ტანსაცმელი, ასევე აქსესუარები. ამჯერად, თბილისში, მხოლოდ აქსესუარები გაქვთ ჩამოტანილი. თუმცა, თქვენი შემოქმედების ერთგულ თაყვანისმცემლებს კარგად ახსოვთ Mercedes-Benz Fashion Week -ზე თქვენი წარმატებული ჩვენებები. ორიოდე სიტყვით, თავად დაახასიათეთ ბრენდი LIYA
ლიკა გოგლიძე: Liya გუნდური პროექტია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახელი ჰქვია. მე ვხელმძღვანელობ შემოქმედებით სამუშაოებსა და დიზაინს. იმ ბრწყინვალების მიღმა, რაც მოდის სამყაროს ახასიათბს, არის გუნდის თითოეული წევრის დაუღალავი შრომა. ყოფილა პერიოდი, როცა წელიწადში ოთხი კოლექცია გამოგვიტანია აუდიტორიის წინაშე, რაც მენდეთ, საკმაოდ რთული და შრომატევადია.
„მარტივი და ლამაზი“ – ასე აღვწერდი ბრენდის კონცეფციას და მინდა გითხრათ, რომ ჩემი გარემო ჩემი შთაგონების წყაროა.



News.ge: რა მასალას იყენებთ სამკაულის შესაქმნელად?
ლიკა გოგლიძე: რაც შეეხება ჩვენს სამკაულებს, ის უფრო ბიჟუტერიაა, რომელიც საიუველირო ხელოსნობის ყველა წესის მიხედვით მზადდება: ვიყენებთ ნახევრადძვირფას ქვებს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული ფორმა აქვს, ამიტომ თითოეული ნივთი უნიკალურია. აქვე დავამატებ, რომ LIYA x Moët საახალწლო კოლაბორაცია არის განსაკუთრებული პროექტი, რომლისთვისაც სპეციალური სამკაული (საყურე) და საჩუქრის ჩანთა შეიქმნა.
სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე




