ვილნიუსის რეგიონულმა სასამართლომ პოპულისტური პარტიის, Nemuno Aušra-ს („ნემანის აისი“) ლიდერი რემიგიუს ჟემაიტაიტისი 5000 ევროთი დააჯარიმა ანტისემიტური გამონათქვამებისთვის, იუწყება Delfi. თავად პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
საქმის აღძვრა გამოიწვია პარლამენტში მისმა განცხადებებმა და სოციალურ მედიაში გაკეთებულმა კომენტარებმა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, 2023 წლის მაისში მან დაწერა, რომ „მსოფლიოში აღმოჩნდა კიდევ ერთი ცხოველი – ისრაელი“. ამ სიტყვებით გამოეხმაურა ის ისრაელის მიერ პალესტინის დაწყებითი სკოლის დანგრევას. იმავე პოსტში მან დაიმოწმა ლიეტუვის ფოლკლორი და გამოვიდა ებრაელების წინააღმდეგ რეპრესიების მოწოდებებით, იუწყება „ნასტოიაშჩეე ვრემია“.
იმავე წლის ივნისში ჟემაიტაიტისმა ფეისბუკის პოსტებში შეურაცხმყოფლად და საჯაროდ დააკნინა ებრაელთა გენოციდი ჰოლოკოსტი, რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა მოაწყვეს ლიეტუვის ტერიტორიაზე. 14 ივნისს, ხსოვნისა და გლოვის დღის წინ, მან დაწერა, რომ ლიეტუვა არასოდეს დაივიწყებს იმ რუსებსა და ებრაელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ლიეტუველების დეპორტაციაში საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის ოკუპაციის შემდეგ.
რემიგიუს ჟემაიტაიტისმა სასამართლო პროცესზე თავი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოში მან განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული აზრები შესაძლოა შემაძრწუნებელი და მიუღებელი იყოს, მაგრამ, მისი თქმით, მათი მიზანი იყო ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებების კრიტიკა და არა ებრაელი ხალხის დამცირება.
პოლიტიკოსმა და მისმა ადვოკატმა მისი გამართლება მოითხოვეს. ვილნიუსის ოლქის მთავარმა პროკურორმა იუსტას ლაუციუსმა დეპუტატის 51250 ევროთი დაჯარიმება ითხოვა.
2023 წლის ნოემბერში ლიეტუვის სეიმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა რემიგიუს ჟემაიტაიტისის მიერ გაკეთებული განცხადებების შესაფასებლად. 2024 წლის აპრილში (მას შემდეგ, რაც სასამართლომ ფიცისა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა ის), პოლიტიკოსმა პარლამენტის წევრის თანამდებობა დატოვა. 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისმა პარტიამ სეიმში ადგილი მოიპოვა და ის კვლავ პარლამენტის წევრი გახდა. პარტია მმართველ კოალიციას შეუერთდა. ჟემაიტაიტისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციურმა ძალებმა მისი კოალიციიდან გარიცხვა მოითხოვეს.
ფორუმი




