ქალაქ ვილნიუსის საოლქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე მიხეილ ზამთარაძეს სამი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-19 საუკუნის იშვიათი წიგნების ქურდობის საქმეზე.
საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი 2022-2023 წლებში იპარავდნენ წიგნებს და მათ ადგილას მაღალი ხარისხის ასლებს ტოვებდნენ ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში. ორიგინალები მათ საზღვარგარეთ გაჰქონდათ. ქურდობის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ბიბლიოთეკებში. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ცხრა პირი: ოთხი მათგანი – საქართველოში, თითო-თითო – ესტონეთში, საფრანგეთსა და ლიეტუვაში, კიდევ ორი მათგანი საფრანგეთში იმყოფება სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ. ცნობილია, რომ მოპარული წიგნების ნაწილი გაიყიდა მოსკოვისა და პეტერბურგის აუქციონებზე.
გამოძიების ვერსიით, ზამთარაძე ვილნიუსში ჩავიდა 2023 წლის მაისში. ყალბი დოკუმენტებითა და მეცნიერად თავის გასაღებით, მან ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 12 წიგნი ჩაანაცვლა ასლებით, კიდევ ხუთი კი არ დააბრუნა. მათ შორისაა ივან კრილოვის, ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვისა და ნიკოლაი გოგოლის წიგნები.
მოსამართლემ განმარტა, რომ სასჯელის ვადა გაპირობებულია იმით, რომ ზამთარაძე მოქმედებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში, მოპარული წიგნები წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას, ზარალმა 600 ათას ევროზე მეტი შეადგინა.
მიხეილ ზამთარაძეს შეუძლია ოცი დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის, უახლოეს ორ თვეში მას გადაიყვანენ საფრანგეთში, სადაც მსგავსი დანაშაულები იყო ჩადენილი.
ზამთარაძემ სასამართლოში განაცხადა, რომ ის წიგნებს იპარავდა მოსკოვის სააუქციონო სახლის დირექტორის მოადგილის, მაკსიმ ციტრინის მითითებით და რომ მან ზამთარაძეს გადაუხადა 30 ათასი დოლარი კრიპტოვალუტით. წიგნების ასლებს, რომლებითაც ზამთარაძე ბიბლიოთეკებში ორიგინალებს ანაცვლებდა, მას მოსკოველი კლიენტი უგზავნიდა.
