ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; “გაგრას” გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი “თელავის” ფრე ქუთაისში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ლიდერმა იბერია 1999-მა გორის დილას ექვსბურთიანი სხვაობით მოუგო, გაგრამ სტუმრად აჯობა დინამო ბათუმს, ხოლო ტორპედო-თელავი ფრდ დასრულდა…
დილა 0:6 იბერია 1999
ლიდერმა ექვსბურთიანი სხვაობით მოუგო უახლოეს მდევარს. ანგარიში შთამბეჭდავია…
რაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა, დილამ იბერია 1999-თან ჩამორჩენა ექვსიდან ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ აი, ახლა სხვაობა 4 ქულა გახდა და თან, ასეთ ანგარიშს არავინ ელოდა.
34-ე წუთზე გიორგი ტაბატაძე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაში და ანგარიში გახსნა. მალევე, გიზო მამაგეიშვილმა შორიდან ძლიერი დარტყმით გაზარდა სხვაობა…
ტაიმის ბოლოს კი დილას გაუძევეს გამოცდილი პორტუგალიელი პედრო მენდეში. გორელთა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა…
მეორე ტაიმში კი მშვენიერი კომბინაციით გატანილი გოლი ვნახეთ: გიორგი ტაბატაძე-გურამ გოშთელიანი-გიზო მამაგეიშვილი და… ბოლოს ზუსტი დარტმით გიორგი ტაბატაძემ დააგვირგვინა.
ხუთ წუთში იური ტაბატაძემ შორიდან სიზუსტეზე გათვლით დაარტყა და 0:4.
67-ე წუთზე დილას ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები ცხრა კაცით დარჩნენ. იმავე წუთს იური ტაბატაძემ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და სხვაობა ხუთამდე გაზარდა…
ბოლოს კი იურიმ კარგი პასი გააკეთა და თორნიკე ახვლედიანმა ახლოდან გაიტანა – 0:6.
ტორპედო 1:1 თელავი
ფრე ქუთაისში. თელავმა ერთი საათი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ ქულის მოპოვება შესძლო.
31-ე წუთზე თელაველთა ნახევარმცველმა მიხეილ ბაშელეიშვილმა ჟორჟინიოს წინააღმდეგ იუხეშა. არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ თელაველს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და ყვითელი წითელით შეცვალა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ტორპედომ გაიტანა: ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა, სოლომონ კვერკველიამ ეფექტური პასით შორეულ ძელთან გადაგზავნა ბურთი და იქ კომნენ ანდრიჩი იყო ჩასაფრებული – 1:0.
66-ე წუთზე კი თელავმა გაათანაბრა: ნიკა ცეცხლაძემ ჩააწოდა, კვერკველია ბურთის მიღებისას შეცდა და ტატო ჟივიძემ დასწრებაზე გაიტანა – 1:1. სხვათ შორის, ცეცხლაძეც და ჟივიძეც შეცვლაზე შევიდნენ.
დინამო ბთ 1:2 გაგრა
დინამო იგებდა, მაგრამ საბოლოოდ გაგრამ გაიმარჯვა. გაგრას ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა და ხასიათი გამოიკეთა.
მე-17 წუთზე ლევან ხოზრევანიძემ დააწინაურა ბათუმელები. ახლოდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს. ხოზრევანიძე ამ ზაფხულს გამოჩნდა ბათუმელთა მთავარ გუნდში, სამი მატჩი ჩაატარა და სამივეში გოლი გაიტანა… პლუს, საქართველოს თასზეც მიითვალა გოლი, ანუ თასიანად 4 მატჩი და 4 გოლი აქვს. ანუ, უგოლოდ ჯერ არ გასულა მინდვრიდან.
გაგრამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, თან ლამაზი გოლით: გიორგი პაპუაშვილმა შორიდან მოულოდნელად დაარტყა ცხრიანში – 1:1.
ბოლოს კი გაგრელთა კომბინაციას მოჰყვა პედრო ბორჟესის ლამაზი გოლი. ბრაზილიელმა გარე ტერფით აჭრა შორეულ კუთხეში – 1:2.
erovnuliliga.ge
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
“დინამო ბათუმმა” “გარეჯს” მოუგო