“ლიდაზე იძალადეს, აქვს დაზიანებები. დააკავეს ტროტუარზე, ჩატენეს მანქანაში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აჩვენებდნენ სხვის დაწერილ ფეისბუქ პოსტს და აგინებდნენ, ეს რამ დაგაწერინაო

„იზოლატორში ვინახულე ლუკა ჭოხონელიძე, ცოტნე მირცხულავა, ოთო ირემაძე და ლიდა ცომაია.
ბიჭები კარგად არიან, როგორც შეიძლება მანდ კარგად ყოფნა.
ლიდაზე იძალადეს, აქვს დაზიანებები. დააკავეს ტროტუარზე, ჩატენეს მანქანაში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აჩვენებდნენ სხვის დაწერილ ფეისბუქ პოსტს და აგინებდნენ, ეს რამ დაგაწერინაო“, – წერს ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.
22 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის 360-ე დღეს, პოლიციამ 10-მდე დემონსტრანტი დააკავა.
თავდაპირველად პოლიციამ დააკავა სოფო მარკოზია, რომელიც პარლამენტის წინ ტროტუარზე მოწყობილ შემაღლებაზე იდგა და დროშას აფრიალებდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დღეს პოლიცია მოქალაქეებს შემაღლებაზე დგომის საშუალებას არ აძლევდა. დაკავების კადრებში ჩანს, რომ მარკოზია შემაღლებიდან ჩამოჰყავთ და 9 აპრილის ქუჩის კვეთასთან, მანქანაში სვამენ.
მოგვიანებით პარლამენტის წინ ტროტუარზე დააკავეს ლიდა ცომაია. ლიდა ცომაიას დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა კანცელარიისკენ მსვლელობა დაიწყეს. ინგოროყვას ქუჩიდან ლეონიძის ქუჩისკენ მიმავალ მარშს გზა პოლიციამ გადაუღობა.
ამ ტერიტორიაზე დააკავეს 6 დემონსტრანტი: მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, გიორგი სავანელი, ოთარ ირემაძე, ლუკა ჭოხონელიძე და ცოტნე მირცხულავა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია TV პირველის ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილის დაკავებაზეც. ტელეკომპანიის ცნობით, აქციაზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ისეთი განცდა მაქვს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქანდაკებების აღება არ გვაპატიეს და თანამედროვეობის ნიშან-წყალს აქრობენ საქართველოდან – როგორც პოლიტიკურად, ისე არქიტექტურულად (ვიდეო)

შოთა დიღმელაშვილი: როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?