პარტია „ლელო საქართველოსთვის” მოწვევით ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ექსპერტებსა და „ლელოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა-დისკუსია მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე ანაკლიის პროექტის ავტორები, პარტია “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, პარტიის საპარლამენტო მდივან, ლანა გალდავასთან ერთად, ანაკლიის განვითარების სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენენ.
შეხვედრა- დისკუსიაში მონაწილეობენ უსაფრთხოების ექსპერტები, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებიან “მოძრაობა აფხაზეთისთვის” დამფუძნებლები, რომლებიც, მათივე განცხადებით, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს გააჟღერებენ.
როგორც „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანაკლიის პროექტი თავიდანვე იყო ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტი, თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ პროექტის განსახორციელებლად საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია შეარჩია.
“ყველას ახსოვს ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობის განცხადება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი და ნავსადგური იქნება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული რგოლი. შემდგომ, ” ქართულმა ოცნებამ” ეს პროექტი მოკლა. როგორც ჩანს, ახლა რუსეთის თანხმობით დაიწყეს ამ პროექტში ჩინური კომპანიის შემოყვანა. ისეთი ჩინური კომპანიის, რომელსაც ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ცნობილია, რომ იმ პროექტებში, რომელშიც ეს ჩინური კომპანია იყო, ყველგან არის კორუფციული სკანდალი. ასევე, არის შემთხვევა, როდესაც ის მთლიანად დაეპატრონა პორტს და შემდგომ იქ ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები განთავსდა. “ქართულმა ოცნებამ” ამ შემთხვევაშიც ძალიან ცუდი რეპუტაციის მქონე კომპანია შეარჩია. ხელისუფლების მიზანი არ არის ამ პროექტის დასავლური სტანდარტით, გამჭვირვალედ განხორციელება, რათა ეს ნავსადგური იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ვხედავთ “ქართული ოცნების” კოორდინაციას ისეთ პარტნიორთან, რომლის რეპუტაცია არის ძალიან საეჭვო და პროექტიც ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.