„ლელოც“ აცხადებს, რომ ორშაბათს „ოცნების“ აქციასთან არ გადაიკვეთება

პოლიტიკური პარტია „ლელო“, სტუდენტური ჯგუფების კვალდაკვალ, აცხადებს, რომ 29 აპრილს პარტიის საპროტესტო დემონსტრაციები არ დაემთხვევა იმ ადგილს, სადაც „ქართული ოცნება“ გეგმავს შეკრებას.
„29 აპრილს, მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ დაანონსებული რუსული მარში შედგება … ჩვენ არ გვექნება არანაირი ტიპის აქტივობა პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ 28 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„დღეს ახალგაზრდულმა საპროტესტო ჯგუფებმა გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აპირებენ რაიმე ტიპის აქტივობას. „ლელო“ უერთდება ახალგაზრდებს. არ შეიძლება, „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად იქცეს მოქალაქე, რომელსაც გააზრებული აქვს ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა“, – თქვა კუპრაძემ.
პარტია „ლელო“ მოქალაქეებს მოუწოდებს, „აქტივობები დაგეგმონ მხოლოდ იზოლირებულად, შორს პარლამენტისგან“.
რამდენიმე საათით ადრე, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტმა, ლადო მაჭავარიანმა ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების სახელით განაცხადა, რომ 29 აპრილს მათი საპროტესტო დემონსტრაციები არ დაემთხვევა იმ ადგილს, სადაც „ქართული ოცნება“ გეგმავს შეკრებას.
„არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს, არ მივცემთ ვინმეს შანსს, რომ პროვოცირება მოახდინოს. ხელისუფლება, რომელიც მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, დაპირისპირების და პროვოკაციის გზას ირჩევს 29 აპრილის კონტრაქციით. ჩვენი პასუხი სხვანაირია, ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას. მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს ვაგრძელებთ“, – განაცხადა ლადო მაჭავარიანმა.
ორშაბათს 29 აპრილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს.
იმავე დღეს, დილის 9 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.
მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.
„აგენტების კანონი“, – ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს – 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
დაწერეთ კომენტარი