“ლელომ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის 9-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი საინტერესო არ არის – გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით,”ლელომ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის 9-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი საინტერესო არ არის.
მისი განმარტებით, “ლელო”, 12-პუნქტიანი გეგმის შესულების დროსაც, საბოტაჟს ეწეოდა და ახლაც იგივე პოლიტიკას ატარებს, რაზეც საზოგადოება 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს.
“ის, რომ ეს შეხვედრა შედგა, მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია. განხილვა ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს. ძირითადად, ყველა საკითხის მიმოხილვა მოხდა, რომელიც 9-პუნქტთან არის დაკავშირებით. თუმცა, ამ შეხვედრაზე მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაშია და რომელზეც უნდა იმსჯელოს პარლამენტმა.
რაც შეეხება “ლელოს” განცხადებას, “ლელოს” კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ განცხადებით, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო. როგორც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში არ მიუღიათ არანაირი მონაწილეობა და, ფაქტობრივად, საბოტაჟს ეწეოდნენ მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ. თუ რა შედეგებს მოუტანს “ლელოს” ასეთი პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება 26 ოქტომბერს გასცემს საკადრის პასუხს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, “ლელო” ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრას არ ესწრება.