„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ქილიკი და სარკაზმი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მესმის, მაგრამ გახარიას სალაპარაკო რა აქვს, ვერ გავიგე? გახარიამ რა ნიშნით უნდა ასწავლოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ჭკუა? – ის არის რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც დღემდე ვერ გამოვიდა პრემიერის როლიდან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, გიორგი გახარია „სხვაზე მეტი არ უბრძოლია“ და ოპოზიციაში ყოფნისას „თავი არაფრით გამოუჩენია“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ეს ქილიკი და რაღაც სარკაზმი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მესმის, თუმცა ამასაც ძალიან მდაბიო ფორმით აკეთებენ და ჯობია, ასე არ იყოს, მაგრამ გიორგი გახარიას სალაპარაკო რა აქვს, ვერ გავიგე? გახარიამ რა ნიშნით უნდა ასწავლოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ჭკუა? არის დღეს მისი მდგომარეობა ისეთი, რომ მას ამის უფლება ჰქონდეს? მას „ბათუმის შერატონში“ თავს დაესხა კონკრეტული პოლიტიკოსი და ამის გამოძიების მიყვანაც ვერ მოახერხა ბოლომდე, იმდენი ზეწოლაც კი ვერ განახორციელა ხელისუფლებაზე. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თავისივე გუნდისგან უარყოფილია და ამას მე არ ვუთვლი რაღაც ტიპის მინუსში, მაგრამ ოპოზიციურ სპექტრში ყოფნისას რით გამოჩენა თავი ძალიან მაინტერესებს? აბსოლუტურად არაფრით, სხვაზე მეტი არ უბრძოლია. თუ ვინმეს პოლიტიკური გუნდიდან პანტა-პუნტით გადადიოდა ხალხი და მერე, „ქართულ ოცნებას“ გინდ, საკრებულოებში და გინდ, ისე უმრავლესობას უკრავდა, ეს გახარიას ხალხი იყო.
გუნდსაც კი ვერ არჩევდა ეს ადამიანი ისე, რომ გარკვეული სიმყარე ჰქონოდა შიგნიდან. რატომ ჰგონია ყოველთვის, რომ სხვაზე მეტად ჭკვიანია და ახლა ის, რასაც პრაგმატიზმს ეძახის და უცხოეთიდან გვმოძღვრავს, ჩვენც ამას პრაგმატიზმს ვეძახით და არა ბრძოლის ველიდან გაქცევას. ეგ არ მყავს აიათოლა ხომეინი, რომ მერე ჩამოიყვანონ. არა, მას, სხვა მხარდაჭერა ჰქონდა. გახარია არის ერთი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც დღემდე ვერ გამოვიდა პრემიერის როლიდან და ჰგონია, რომ ისევ პრემიერი გველაპარაკება“,- განაცხადა ჯეჯელავამ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ „საზოგადოება მზად აღმოჩნდა გამარჯვებისთვის და ხელისუფლების დაბრუნებისთვის“.
„თუ რამე უშლის ქართულ პოლიტიკას ხელს და რატომაც გვაქვს დღეს ეს ვითარება, ეს განპირობებულია იმით, რომ ძალიან ხშირად ჩვენს პოლიტიკოსებს, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში, არ აქვთ თანამიმდევრული დამოკიდებულება. საერთოდ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ჯერ არავის უარუყვია, სამყარო ისევ ამ პრინციპზე დგას. თუ შენ ამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 26 ოქტომბერს საერთოდ წაგართვა არჩევნების შესაძლებლობა საქართველოში და მან აზრი დაუკარგა დემოკრატიის ამ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპს – ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას, მაშინ რა შეიცვალა ამ 3 თვის შემდეგ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა? სხვათა შორის, არ მიყვარს შემდგარ ფაქტზე მუშტების ქნევა იმიტომ, რომ ამას აზრი არ აქვს. უნდა მივიღოთ ეს როგორც მოცემულობა. ამ მოცემულობიდან, რაც გვაქვს, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. მოლოდინები არ ჩნდება მოწმენდილ ცაზე. ესეც გარკვეულწილად ადამიანის ფსიქოლოგიაა. ინფორმაციას იღებ ისე, როგორი მიმღებლობაც გაქვს. საზოგადოების განწყობებს თუ გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ საზოგადოება მზად აღმოჩნდა გამარჯვებისთვის და ხელისუფლების დაბრუნებისთვის. ესაა მთავარი. განწყობა, სხვათა შორის, მათაც, ვინც შეიძლება არჩევნებზე არ წავიდეს, მაგალითად „ლელოს“ ამომრჩეველს, მაინც ის აქვს, რომ ძალაუფლება, რომლის წყაროც ხალხია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას უნდა გამოართვას. ეს არის საერთო, რაც ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია, რომ 4 ოქტომბერს გამოვიყენოთ. 4 ოქტომბერი იქნება ისეთი, რა სიმძლავრის მუხტი და ენერგიაც იქნება იმ დღეს რუსთაველის გამზირზე.
4 ოქტომბერი არის სახალხო კრება და ეს არის ქართველი ხალხი VS ბიძინა ივანიშვილი. რომელი პოლიტიკური პარტიაც გადაწყვეტს, რომ მოვიდეს და დადგეს ქართველ ხალხთან, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. აქციას და ეროვნულ კრებას, რაც 4 ოქტომბერს შედგება, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია ვერ გამოაცხადებს თავის კონკრეტულ აქციად. „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაც ყველაფერზე, ზუსტად იმდენია, რამდენიც ჩემი და ნებისმიერი იქ მოსული რიგითი ადამიანის“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
გარდა ამისა, ჯეჯელავამ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასევე, აშშ-სთან „ურთიერთობების გადატვირთვის“ შესაძლებლობების შესახებაც და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ევროკავშირთან და არც აშშ-სთან, შესაბამისად, მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობების გადატვირთვის არანაირი რესურსი არ აქვს“.
„გუშინ [მარტა კოსის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრისას] „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხაგზასმით თქვა (ერთხელ წამოცდენა არ იყო ეს), რომ „ასეთი ადამიანები რაც უფრო შორს იქნებიან, მით უკეთესი“. როგორ უნდა შეფასდეს ეს? ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ უარს ამბობს ევროკავშირთან კი არა, ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაზე. ეს არის მისია, რომელსაც ივანიშვილი საქართველოში ასრულებს – საქართველო დასავლურ პოლიტიკურ ორბიტას მოწყვიტოს და რუსეთის გავლენის სფეროდ და პატარა გუბედ გადააქციოს კავკასიის რეგიონში“,- აღნიშნა ჯეჯელავამ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჯეჯელავა გამოეხმაურა ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენასაც. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს „აუცილებლად მხარდასაჭერი დოკუმენტია“.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი აუცილებელი პროცედურაა, რომელიც კენჭისყრაზე უნდა გავიდეს. ბუნებრივია, მას ექნება მხარდაჭერა. რასაკვირველია, იქ იქნება საკითხები, რომლებიც შეიძლება განხილვის საგანი იყოს, მაგრამ ეს აუცილებლად მხარდასაჭერი დოკუმენტია. სწორედ ამას რომ მიაბეს „MEGOBARI აქტი“, რომელსაც ასევე, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ნიშნავს იმას, რომ იზრდება შანსი, „MEGOBARI აქტი“ უფრო მარტივად გავიდეს“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
