ბატონო მოსამართლე, მტკიცებულებათა მთელი კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა, ის არ იცნობდა ლევან ჯანგველაძეს და არანაირი დაპირისპირება მასთან არ ჰქონია,- ამის შესახებ ე
.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან ვიდრე შესავალ სიტყვას წარმოთქვამდა, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, ლევან ჯანგველაძის გვამზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
ვეფხვაძემ დეტალურად ისაუბრა უძილაურის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე. პროკურორი მის შესავალ სიტყვაში ხაზს უსვამდა, რომ მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით იყო ჩადენილი.
„გელა უძილაურმა ანგარებით, შეკვეთით, 14 ჭრილობით განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ისეთი საშუალებით, რაც სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს, ასევე სცადა გია ჩადუნელის მკვლელობა”,- განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი განმარტებით, ბრალდებულ დავით და გიორგი მიქაძეებს გარკვეული უთანხმოება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან, მათ სხვა პირებთან შეთანხმებით დაგეგმეს მკვლელობა, გელა უძილაური კი გარკვეული ფინანსური სარგებლის მიზნით დათანხმდა მკვლელობას.
„გიორგი ჯოხაძემ გელა უძილაურს შეხვედრა „თბილისი თაუერსში” დაუთქვა, სადაც ძმები მიქაძეები დახვდნენ. გელა უძილაურს მისი თვალთვალი და მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევა დაავალეს….
ლევან ჯანგველაძის თვალთვალიდან მიღებულ ინფორმაციას უძილაური სხვადასხვა საშუალებით, გიორგი ჯოხაძეს, გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე სხვა პირების ინფორმირების მიზნით აწვდიდა ინფორმაციებს.
დავით და გიორგი მიქაძეებმა ჯოხაძის საშუალებით უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია 2025 წლის 14 მარტს ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, უძილაურმა კი მისი მკვლელობის მომზადების სისრულეში მოყვანა დაიწყო…
გელა უძილაურს დეტალური ინფორმაცია ჰქონდა, როდის მივიდოდა ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძეზე, პანაშვიდზე. გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე, შეკვეთით და ანგარებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ჯანგველაძის მიმართ. საქმეში სამედიცინო ექსპერტიზაც წარმოდგენილია, გელა უძილაურს ჭრილობები არამხოლოდ წინიდან, არამედ ზურგიდანაც ჰქონდა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იყო ის მომზადებული და რა მიზანი ჰქონდა – რომ აუცილებლად მოეკლა ლევან ჯანგველაძე. ამის შემდეგ ის შემთხვევის ადგილს ტოვებს ტაქსით, მიდის ვაზისუბანში, შემდეგ კი სხვა ტაქსით ქარელის მიმართულებით მიდის. ამის შემდეგ ის უკვე თავის შველას და მისი დამკვეთი პირის – გიორგი ჯოხაძის ძებნას იწყებს.
გელა უძილაურმა პოლონეთში შეძენილი ნომერი გააქტიურა, გამოძიებას მის დასადგენად მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ტაქსის მძღოლის ჩვენებით, მან უძილაურს ქარელის გზაზე მანქანა შეუჩერა და გარკვეული პერიოდი ის გადასული იყო ავტომანქანიდან, შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა, როგორც ჩანს, თავშესაფარი ვერ ნახა და “თბილისი თაუერსში” დაბრუნდა. ერთ-ერთ ნომერში საინფორმაციოს ყურებას იწყებს, აინტერესებს, ვის ეძებენ, როგორ ეძებენ. ის სასტუმროს ტელეფონიდან და “ვოცაფის” მეშვეობით ჯოხაძეს უკავშირდება, მაგრამ ის არ პასუხობს, შემდეგ კი ჯოხაძის ნათესავთან – მამუკა ბაღდავაძესთან მიდის… მეორე დღეს კვლავ მიდის ბაღდავაძესთან, თუმცა, ის ტერიტორიიდან მიდის. გელა უძილაურის დაკავების დროს, გარდა იმისა რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები გააჩნდა, თან ჰქონდა 17 100 ლარი, სახლიდან კი 2200 ამერიკული დოლარი იქნა ამოღებული. ბატონო მოსამართლევ, ეს არ არის ბრალდების მხარის ვერსია, ეს არის მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებები.
ეს არის საქმე, სადაც არამხოლოდ ინდივიდუალური მტკიცებულებებია, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობაა. ბატონო მოსამართლე, 22 ტომია თქვენ წინაშე წარმოდგენილი და მათგან თითოეულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გელა უძილაურის წინააღმდეგ.
ბატონო მოსამართლე, მთელი მტკიცებულებათა კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა, ის არ იცნობდა ლევან ჯანგველაძეს და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მასთან.
ბატონო მოსამართლევ, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე მტკიცებულებების საფუძველზე მოვითხოვთ, გელა უძილაური დამნაშავედ ცნოთ წარდგენილ ბრალდებაში და ჩადენილი ხასიათის, ვითარების, სიმძიმის გამო, მას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროთ უვადო თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
