შეიძლება მძიმე მოსასმენი იყოს, მაგრამ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ე.წ. ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ყველა ზღვარი გადალახული აქვს – თუ ვინმეს ჰგონია, ამათ მშვიდობიანი აქციებით რაიმეს შევაგნებინებთ, ძალიან ცდება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, ხაბეიშვილმა განმარტა, „რას გულისხმობს ძალასთან ძალის დაპირისპირებაში“. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აქციებზე პოლიციელები მზად არიან, ადამიანებს სახის ძვლები დაამტვრიონ, აქციის მონაწილეებიც „შესაბამისად უნდა მოიქცნენ“, თუმცა შესაბამის კითხვაზე, ხაბეიშვილი აზუსტებს, რომ ძალის დაპირისპირებაში მოქალაქეების მხრიდანაც პოლიციელებისთვის „სახის ძვლების დალეწვას“ არ გულისხმობს.
„როდესაც ერთ ადამიანს იტაცებს 6-8 ნიღბიანი, შემდეგ გამოდის და იტაცებს მეორეს, ამ დროს კი, ჩვენ ათასი, 5 ათასი, 10 ათასი ვართ, არ უნდა გავატანოთ ჩვენი თანამებრძოლი. როდესაც მე მარცხენა მხარე [სახის] წამართვეს, მოხდა მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ბავშვს გამოვესარჩლე. ეს ერთმა ადამიანმა კი არ უნდა გააკეთოს, არამედ როდესაც 5 „პოლიციელი“ მორბის, ნიღბიანი მწამებელი, რომელსაც კანონის შესაბამისად კი არ მიჰყავს ჩვენი თანამებრძოლი, არამედ უნდა აწამოს, დაასახიჩროს, თავის ქალა ახადოს, 10 ათასმა კაცმა არ უნდა გავატანოთ – 2-ჯერ 2 არის 4. ერი უნდა გაერთიანდეს. ქვეყანაში, სადაც ასეთი მართვის სტილია, სადაც ათობით ადამიანი ტყვეობაშია, ჟურნალისტ ქალბატონს ასე ექცევიან, ნუ გაქვთ წარმოდგენა, რომ იქ პოლიტიკა და ოპოზიცია იქნება. ოპოზიცია ქვეყნის გარეთ ძალიან კარგად მუშაობს, მათ შორისაა სანქციები და ამ ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკა. ამ ყველაფერმა უნდა უზრუნველყოს გააქტიურება ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას ძალიან მძიმე გაზაფხული ექნება. სტრატეგიულად უნდა ვიყოთ ბევრად მომზადებული.
მე ჩემი სუბიექტური შეხედულება მაქვს ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ადამიანებს მაინც ეგონათ, რომ კანონის ფარგლებში უნდა იყოს და პოლიციელს რომ ფორმა აცვია, მოდის მასთან… მაგრამ ვნახეთ, რომ ესენი პოლიციელები არ არიან. ესენი არ არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც მოქალაქის ინტერები აინტერესებს. შეუძლიათ, მოქალაქეებისთვის სახის ძვლების მტვრევა, ესენი არ არიან პოლიციელები, არიან მილიციელები, შესაბამისად, ის სტრატეგია უნდა გვქონდეს, რაც ვთქვი.
მე ეს თქვი, რომ სახის ძვლები უნდა დავალეწოთ? ერთ მარბიელ მწამებელ ადამიანს 10 ათასმა კაცმა ჩვენი მოქალაქე არ უნდა გავატანოთ. ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა და შესაბამისად მოვიქცეთ. რადგან ამათთვის ყველაფერი მოსულა. ასობით ადამიანი დაასახიჩრეს და ერთი პოლიციელი გინახავთ დასჯილი?“, – განაცხად ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ხაბეიშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესების გამო დასავლელ პარტნიორების მისამართით მმართველი პარტიის განცხადებებზე და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი სიმდაბლის გამოხატულებაა““. რაც შეეხება იმას, იქონიებს თუ არა „ქართულ ოცნების“ ქმედებებზე გავლენას სანქციები, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ზღვარს არის გადასული და ამიტომ მათ რეაგირებასთან დაკავშირებით „არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“.
„არ უნდა ველოდეთ ლოგიკურ გაგრძელებას. მუდმივად ვსაუბრობთ და გვინდა მსჯელობა იყოს, როგორ იქნება ნორმალური ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს არ არის ნორმალური ხელისუფლება. რადგან გამოვდივართ და სამყარო ფერადია, ვფიქრობთ, რომ დიდი არაფერია. ეს არის ჩვეულებრივად საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც მზადაა, მისი მოქალაქე დაატყვეოს, ჩააგდოს ციხეში, დაასახიჩროს, აწამოს და ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებდნენ და აკეთებენ, როდესაც სჭირდებათ. ამიტომ ლოგიკა არ უნდა ვეძებოთ იმაში, თუ როდის იმუშავებს [სანქციები]. დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა სანქციები მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრს, „მაგნიტსკის სიაში“ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები. გგონიათ დიდ ბრიტანეთზე და ამერიკაზე ვერ იტყვიან? მათ ეს შეუძლიათ, რადგან სრულ იზოლაციაში არიან. ისედაც არავინ აღიარებს. რას იტყოდა, პირობითად ბაშარ ასადი დასავლელ ლიდერზე, ძალიანაც არ იღელვებდნენ, რადგან ყველამ იცოდა, რა რეჟიმი იყო სირიაში. ასეთი რეჟიმებიც კი, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ასეთ რიტორიკას არ იყენებენ. ტერორისტებიც კი არ მოიხსენიებენ პოლიტიკოსებს, სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი შეურაცხმყოფელი ენით. ვერ მონახავთ განცხადებას, სადაც მაგალითად ბაშარ ასადს შეურაცხყოფები მიეყენებინოს სხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებისთვის, როგორც აქ აკეთებენ. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ზღვარ გადასულია და როდესაც გამოსავალზე ვლაპარაკობთ, არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება რამე ირეაგირებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
