ქვეყანაში მთავარი „ბარიგა“ არის ბიძინა ივანიშვილი. ნარკოტიკების მთავარი შემომტანი არიან გრიგოლ ლილუაშვილი, გომელაური და ძალოვანი უწყებები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ნარკოპოლიტიკა უკვე „ანეკდოტია“, რადგან საქართველოში „ნარკობარიგა“ და „ესკობარი“ ბიძინა ივანიშვილია.
„ნარკოტიკებზე მთავარი ხელის დამფარებელიც რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები არიან. „ნარკობარიგა“, „მინი ესკობარი“ არის ბიძინა ივანიშვილი, მეტსაც გეტყვით, არქივი გაქვთ „რუსთავი 2“-ს უმდიდრესი და ამოიღეთ. ექსპორტზე უნდა გაეტანა ნარკოტიკული ნივთიერებები, ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ სამთავრობო ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს. ეს კადრები არსად დაკარგულა. ეს კაცი ღიად საუბრობდა ამის თაობაზე და ამბობდა, უნდა გავუყიდოთ ნარკოტიკები ქვეყნის გარეთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენ მილიარდებს ვიშოვით ამითო. ამიტომ, მთავარი „ბარიგა“ დღეს მდინარაძის პირით რომ ლაპარაკობს, ვითომ რაღაცას გაამკაცრებს, ეს უკვე სასაცილოც არ არის, ანეკდოტია. თქვენს საცხოვრებელ უბანში რომ გახვალთ, ნახავთ თქვენი მეგობრების და მეზობლებს ტრაგიკულ სურათს, იმ ახალგაზრდების, რომლებიც ნარკოდამოკიდებული გახადეს. დღესვე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეიძლება ამ წამლის ყიდვა. გჯერათ, რომ ეს არ იცის უშიშროებამ, პოლიციამ? პირიქით, ხელს უწყობენ და მთელი სქემა აქვთ აწყობილი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის – მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.
