მამუკა მდინარაძის პირველი ღია მარცხი – კალაძემ შიდა ბრძოლა მოიგო, პარტიამ „ფურცელიც“ გამოუწერა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით შიდა დაპირისპირებაში თბილისის მერმა კახა კალაძემ გამარჯვება მოიპოვა, ხოლო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ – მარცხი.
„მამუკა მდინარაძის პირველი გრანდიოზული მარცხი – კალაძემ შიდა ბრძოლა მოუგო და 800 მილიონის გადანაწილების „ფურცელიც“ გამოუწერეს. იმდენად ჩამოშლილია ივანიშვილის პარტია, რომ ახლა კალაძის „დაქნევა“ საბოლოო ჩამოშლას ნიშნავდა, ამიტომ „აირტყა“ მდინარაძემ“,- წერს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი ხელისუფლებას ასევე აკრიტიკებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით და კითხვებს სვამს გამოძიების მიმდინარეობაზე:
„რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღის ვიდეოები გასაჯაროვდა?!
3 კვირაზე მეტი სჭირდება ვიდეოს მონტაჟს?! რიჟვაძის ვიდეოზე რა ხდება?!
ლაშა ცანავას ვიდეო რომ შემოგვთავაზეთ – მკვლელობაზე მნიშვნელოვანია?!” – წერს ხაბეიშვილი.
