ლევან ხაბეიშვილი – დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში ყრილობა იქნება მოწვეული – „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტთან ერთად დიდ ერთობაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია 8 ივლისს ყრილობას გამართავს.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და შეძლებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაამარცხოს.
„დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში ყრილობა იქნება მოწვეული, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს გადავწყვეტთ. რაც მნიშვნელოვანია, უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად დიდ ერთობაში ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ამიტომ, დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8 ივლისს, ყრილობაზე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დაამტკიცებს. შესაბამისად, მზად ვართ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.
[სხვა პარტიებთან ერთობაზე] ინფორმაცია 8 ივლისს ექნება საზოგადოებას. დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ უნდა დაიკარგოს.
ჩვენ პასუხისმგებლობიანი პარტია ვართ, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არ არის პარტიული არჩევნები. ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამიტომ, აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული გვაქვს გადადებული, მათ შორის, ერთობასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, დათქმების გარეშე ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში. ასევე, კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დისკომფორტი არავის არ შეჰქმნოდა. ნებისმიერ პირობებში თანამშრომლობას ვაპირებთ, რადგან ჩვენ გვყავს ერთი მტერი – ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ