ლევან ცუცქირიძე – გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლა მოულოდნელია, პარტიების საერთო პოზიცია ამ კომისიასთან ართანამშრომლობა იყო, რაც შეეხება ზოგადად კომისიას, ის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, საკუთარ თავს ესვრის ფეხებში

გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლა, პრინციპში, მოულოდნელია – რამდენადაც ვიცი, პოლიტიკური პარტიების საერთო პოზიცია, ამ კომისიასთან ართანამშრომლობა იყო – ეს პოზიცია თუ შეიცვალა და რატომ შეიცვალა, გახარიას უნდა ჰკითხოთ, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ არ აპირებს, გახარიას გადაწყვეტილება გაანალიზოს, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, „ადამიანები რაღაც პოზიციას რომ იტყვიან, არ შეიცვალოს ხოლმე“.
როგორც ცუცქირიძე აცხადებს, საგამოძიებო კომისიას ორი მიზანი აქვს – ისტორიის გადაწერის მცდელობა და ოპოზიციის განადგურება.
„ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია ემსახურება ორ საქმეს. პირველი – ისტორიის გადაწერის მცდელობა. ამ კომისიის ფარგლებში ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ კომისიას, ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერები დაარწმუნონ იმაში, რომ ამ ქვეყნის მთავარი მოწინააღმდეგე, მტერი არის არა , არამედ შიდა ძალები – „ნაციონალური მოძრაობა“, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია, ევროკავშირი, შეერთებული შტატები. ისინი ამას ძალიან დიდი ხანია ცდილობენ და ვერაფრით მიაღწიეს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს მიიჩნევს მტრად და სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მეორე ამოცანა არის პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება, პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება, ოპოზიციის განადგურება,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.
ამასთან, მან ოპოზიტური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, წამყვან ოპოზიციურ ძალებს ვერ გააქრობს.
„ისინი წამყვან ოპოზიციურ ძალებს ვერ გააქრობენ, რაც არ უნდა გააკეთონ. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არსებობენ, წარმოადგენენ საქართველოს ამომრჩევლების უმრავლესობას. ამ ყალბი პარლამენტის გადაწყვეტილება არანაირ ზეგავლენას არ ახდენს იმაზე, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველი. მათ შეუძლიათ რაღაც კანონი წერონ, შეუძლიათ, ზეწოლისა და რეპრესიის ინსტრუმენტებით, ადამიანებზე და ორგანიზაციებზე ზემოქმედება მოახდინონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მოახდენენ ამ პოლიტიკური მოსაზრებების, პოლიტიკური ჯგუფების განადგურებას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ამ წინააღმდეგობაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, ისინი რა კანონებს მიიღებენ. ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებაზე, კანონზე, რასაც ისინი მიიღებენ, ჩვენ გვექნება ადეკვატური პასუხი. მოვიფიქრებთ, როგორ შევეწინააღმდეგოთ, როგორ ვუპასუხოთ და რა საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.
კითხვაზე, ხომ არ აგვიანებს ოპოზიცია საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ცუცქირიძე პასუხობს, რომ „ყველაფერს აქვს თავისი დრო, როდის რა უნდა გაკეთდეს“.
„არაფერს არ ვაგვიანებთ. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები, ნაბიჯები დაგეგმილი გვაქვს. ყველაფერს აქვს თავისი დრო, როდის რა უნდა გაკეთდეს. მე შემიძლია ვთქვა ჩვენი, „თავისუფლების მოედნის“ პოზიცია და მიდგომა ამ წინააღმდეგობის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, სხვა მეთოდების გამოყენება, ხელისუფლებაზე ზეწოლა, ეკონომიკური ბოიკოტი, სიმბოლური თარიღების მნიშვნელოვანი აღნიშვნა, ისე როგორც იყო 9 აპრილი და როგორიც არის დღევანდელი დღე – ქართული ენის დღე. ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ბუნებრივია, ძალიან ხშირად ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე სურვილი, რომ იყოს უფრო სწრაფი, გადამწყვეტი მოქმედებები, მაგრამ ჩვენ ასევე ვალდებულები ვართ, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, ითვალისწინებდეს ყველა იმ რისკს, საფრთხეს, რომელიც შეიძლება ადამიანებს შეექმნათ, ამა თუ იმ მოქმედებების დროს. ჩემი მიდგომა ამ ბრძოლაში არის ის, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება მინიმალურად უნდა დაზიანდეს და მაქსიმალური პოლიტიკური ზიანი უნდა მიაყენოს მეტოქეს,“ – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
გარდა ამისა, მან გიორგი ანწუხელიძეზე ს განცხადება შეაფასა, რა დროსაც, მან საქართველოს ეროვნულ გმირს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ განწირული“ უწოდა. ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ ეს ისტორიის გადაწერის ერთ-ერთი მცდელობაა.
„ზოგადად, ეს კომისია მაგონებს ადამიანს, რომელიც ხედავს წინ მოწინააღმდეგეს, აიღებს იარაღს და იმის მაგივრად, რომ მოწინააღმდეგეს მიუშვიროს, საკუთარ ფეხებში დაიხლის ამას. კომისია ახლა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, საკუთარ თავს ესვრის ფეხებში. ისეთ თემებს ეხებიან, ისეთ საკრალურ საკითხებს ეხებიან, ანწუხელიძეზე რაც თქვეს იგივეა, რომ ეს თქვან ჩვენს ყველა ისტორიულ გმირზე,“ – აღნიშნა ცუცქირიძემ.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ გვაცილებს მეგობრებს და რუსეთთან აბსოლუტურად დაუცველს გვტოვებს.
„ეს პარტია მიდის პოლიტიკურ დასასრულისკენ. ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა ქართულ იდენტობასთან,“ – აღნიშნა მან.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ „საკადრო გადანაცვლებებით პრინციპულად არაფერი იცვლება“.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია

ნიკა ჩიტაძე – „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო – „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს