ლევან ღამბაშიძე: იმ წამს, როდესაც თქვენ პირველი თქვენი თანამოძმის თუნდაც უმცირეს, მაგრამ უსამართლო ჩაგვრაზე მდუმარე ნებართვა გაეცით, თქვენ ხელი მოაწერეთ ნებისმიერი თანამოძმის მოკვლასაც

“იმ წამს, როდესაც თქვენ პირველი თქვენი თანამოძმის თუნდაც უმცირეს, მაგრამ უსამართლო ჩაგვრაზე მდუმარე ნებართვა გაეცით, თქვენ ხელი მოაწერეთ ნებისმიერი თანამოძმის მოკვლასაც.
იმიტომ, რომ მოკვლა ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმაა. იმიტომ, რომ არცერთი დიქტატურა მცირე ჩაგვრაზე არ ჩერდება. იმიტომ, რომ ყველა დიქტატურა პირდაპირ მკვლელობით კი არა, მცირე უსამართლობებით იწყება.
ამაზე გვაფრთხილებს ჰაინეს სიტყვები: “იქ, სადაც წიგნებს წვავენ, მალე ადამიანებსაც დაწვავენ”.
დღეს ორი გოგო გალახეს. სახლთან. პოლიტიკის გამო. ერთს გატეხილი ცხვირის ოპერაციას უკეთებენ; მეორეს კბილი აქვს მოტეხილი და ელენთა დაზიანებული.
გამორიცხულია ეს ყველაფერი მკვლელობით არ დამთავრდეს. შანსი არაა.
და იცოდეთ, რომ იმ დროისთვის თქვენი სინდისის ადგილას მხოლოდ ბრმა ზიზღი და რეჟიმისადმი ფანატიკური ნდობა თუ სიყვარული იქნება აღმოცენებული, რომელიც გათქმევინებთ: “მოდით გავარკვიოთ, იქნებ….”
ეს კიდევ კარგ შემთხვევაში. უარესში კი პირდაპირ იტყვით: რახან მოკლეს – საჭირო იყო.
იმიტომ, რომ უკვე ნათქვამი გაქვთ: რახან გაზით დაწამლეს – საჭირო იყო; რახან ჩასვეს – საჭირო იყო; რახან აწამეს – საჭირო იყო; რახან სამსახურიდან გააგდეს – საჭირო იყო…
გთხოვთ, სანამ დროა დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: რისთვის? რისთვის არის თქვენი თანამოძმეების წამება საჭირო? რას იგებთ თქვენ ამით? რას იგებს ამით საქართველო? რას იგებს ამით კაცობრიობა? რას იგებს ვინმე, გარდა რეჟიმისა?
თუ არა და კიბატონო. გავიაროთ ეს ჯოჯოხეთი ერთად. შედეგი მაინც იგივე იქნება. დედამიწაზე არცერთი ჯოჯოხეთი არ გაგრძელებულა უსასრულოდ.
აი მიღმურზე კი ამბობენ რომ უსასრულოა. და იმასაც ამბობენ, რომ იქ ღვთის ყველაზე საყვარელი ქმნილების მჩაგვრელები ვერ ხვდებიან. გულგრილებზეც იმავეს ამბობენ.
“ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.
მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.”
იოანეს გამოცხადება, 3.15-16
ვნახოთ აბა”,  – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .