ლევან ღამბაშიძე: ევროვიზიაზე ჩვენს წარმომადგენლად შეარჩიეს ადამიანი, რომელმაც ჩვენი ანტირუსული აქციების დროს წიხლი ჩაგვაზილა და დაწერა …

“ევროვიზიაზე ჩვენს წარმომადგენლად შეარჩიეს ადამიანი, რომელმაც ჩვენი ანტირუსული აქციების დროს წიხლი ჩაგვაზილა და დაწერა, ევროკავშირის დროშებს ნუ აფრიალებთ, საქართველოს თავისი დროშა აქვსო. მოლ, თქვე ევროპის აგენტებო და არაპატრიოტებოო.
ევრო-ვიზიაზე გაუშვეს. ევრო…
ყველაფერთან ერთად, გაუშვეს სიმღერით “თავისუფლება”, რაც თავიდანვე მეუცნაურა. არ ჯდებოდა რეჟიმის მესიჯბოქსში.
თურმე სად ხარ. მომღერალმა დღეს გვითარგმნა, რომ სიმღერის მთავარი სათქმელი არის “მშვიდობა”, ვინაიდან სიმღერას ჰქვია “თავისუფლება”. ამით ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. ორუელიანურად, მაგრამ დალაგდა.
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობა მონის მშვიდობაა. მშვიდობა თავისუფლების გარეშე. ღირსებააყრილი, დამცირებული, უუფლებო და უბედური მშვიდობა. ამიტომაც მას მშვიდობაც არ უნდა დავუძახოთ, არამედ მშვიდობიანობა. აი ომებს შორის რომ მშვიდობიანობაა, ეგ არ არის მშვიდობა. თვეში ერთხელ ხალხს რომ გტაცებენ და კვარტალში ერთხელ გიკლავენ, ეგ არ არის მშვიდობა, მშვიდობიანობაა.
და ჩვენ გვაწყობს მშვიდობიანობა? არა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, რომელიც მოიცავს თავისუფლებას. ერთადერთ მშვიდობას, რომელიც მისაღებია ღირსების მქონე ადამიანისათვის.
და რადგანაც რეჟიმი ამას ვერ უზრუნველჰყოფს, იმიტომ უხდება ასეთი სააზროვნო შალახოს ცეკვა. თავისუფლება მშვიდობაა, უცოდინრობა ძალა, უღირსობა ღირსება და შიმშილი სიმაძღრე.
ამ საკითხზე ყველაზე თვალსაჩინო ვიდეო კვამე ტურესთან ეს მოკლე გასაუბრებაა:
– არსებობს განსხვავება მშვიდობასა და თავისუფლებას შორის. არა? შეიძლება უსამართლობა არსებობდეს და მშვიდობაც იყოს, ხომ მართალია? ან მშვიდობა გქონდეს და დამონებული იყო.
– დიახ.
– მაშასადამე, მშვიდობა არ არის გამოსავალი.
– მართალია.
– თავისუფლებაა გამოსავალი.
– რა თქმა უნდა.
– ამაზე უნდა ისაუბრო და არა მშვიდობაზე. ეს თეთრი კაცის სიტყვაა. ჩვენი სიტყვა თავისუფლებაა.
– კი, მაგრამ საბოლოოდ ხომ მშვიდობას ესწრაფვით?
– კი, მაგრამ მშვიდობა ვერ გექნება, სანამ ყველა თანასწორი არ იქნება.
– მაგრამ ამწუთას თავისუფლად გამოიყურები.
– ამწუთას მშვიდობიანად გამოიყურები.
– თავისუფლად გამოიყურები.
– მშვიდობიანად გამოვიყურები.
ხოდა ეგრეა მეგობრებო. არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი – თავისუფლებას მშვიდობად გადაგიკეთებენ და მონობაში აღმოგხდიან სულს.
ასეა ეს,” -წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .