ლევან ღამბაშიძე: დამაფიქრებელი არის ამ კორუფციაზე საზოგადოების რეაქცია

ფილოსოფოსი :
ქართული ოცნება რომ კორუფციაში იხრჩობა, ამაზე ბევრის თქმა არ არის საჭირო. ათობით ჟურნალისტური გამოძიება არსებობს და ინტერესის შემთხვევაში ყველას თავად შეუძლია დარწმუნდეს.
დამაფიქრებელი არის ამ კორუფციაზე საზოგადოების რეაქცია.
ის კი არა, რომ ჩვენთვის მოპარული ფულით ვიღაცამ 100 000 ლარიანი დაბადების დღე გადაიხადა, არამედ ის, რომ ამ დაბადების დღეზე ვიღაცა მივიდა და საერთოდ არ გაუჩნდა განცდა, რომ რაღაცას არასწორედ აკეთებდა.
და ასეთი დაბადების დღე წელიწადში არის ათასი. და ასეთი ქორწილი ათასი. და ასეთი დაწინდვა. და ნათლობა….
და დადის ხალხი და უკრავს ერთმანეთს ტაშს. ვითომ არაფერი ხდება. ვითომ ქურდები არ იყვნენ. ვითომ გვერდით სახლში ბავშვი არ კვდება შიმშილით. ვითომ ყოველ მეორე ქართველს კარწიე უკეთია.
იარეთ… იპირფერეთ… უკარით ქურდებს ტაში. ჩვენი უბედურება თქვენი, ტაშისმკვრელთა სინდისზეც არის. და ასეთნი ბევრნი ხართ.
და თუ გაინტერესებთ თქვენი და თქვენი ქურდი ახლობლების, მათი ცოლებისა და ნათესავების აღწერა, ინებეთ ამონარიდი კლაუს მანის “მეფისტოფელიდან”, სადაც ერთ-ერთი ნაცისტი მაღალჩინოსნის ცოლის ყოფაა ძალიან მოკლედ გადმოცემული. მისი მაშინდელი აწმყო, რომელიც იმ მომავლად გადაიქცა, რომელიც ჩვენთვის უკვე წარსულია:
“დილაობით, როცა კეკლუცად მიუახლოვდებოდა რენესანსის სტილის საწერ მაგიდასთან მჯდომ მეუღლეს და მის მხარს ზემოთ გაიხედავდა, ხედავდა სასიკვდილო განაჩენებს, რომლებსაც ქმარი ხელს აწერდა; საღამოობით მისი ქათქათა მკერდისა და ხელოვნური ჩალისფერი ვარცხნილობის ნახვა შეეძლო საოპერო პრემიერებზე მისულ საზოგადოებას, ან იმ წარჩინებულთა მორთულ-მოკაზმული სუფრების წევრებს, რომლებსაც ფრაუ ლოტეს სტუმრობის პატივი ერგებოდათ.
ეს ქალი შეუხებელი და ხელშეუვალი იყო, რადგან არაფერი უწყოდა და სენტიმენტალობითაც გამოირჩეოდა. „თავისი ხალხის სიყვარულით“ გარემოცული ეგულებოდა თავი, რადგან ორი ათასი პატივმოყვარე, გამყიდველი და სნობი ადამიანი ერთ ამბავს ტეხდა მის მიმართ პატივისცემის ნიშნად.
დააბიჯებდა ამ სიკაშკაშეში და ხალხს ღიმილს ურიგებდა – მეტს არასოდეს გაიღებდა. სავსებით სერიოზულად სწამდა, რომ ღმერთის კეთილგანწყობით სარგებლობდა სხვაგვარად ამდენ სიმდიდრეს განა ვინ აღირსებდა? წარმოსახვისა და ჭკუის ნაკლებობა საშუალებას აძლევდა, არ ეფიქრა მომავალზე, რომელსაც ამ ლამაზ აწმყოსთან ცოტა რამ თუ ექნებოდა საერთო. თავაწეული, კაშკაშა შუქითა და საყოველთაო აღტაცებით გაცისკროვნებული მიაბიჯებდა და წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი ამ ჯადოსნური მდგომარეობის ურყევობაში. დარწმუნებული იყო, რომ არასოდეს დაკარგავდა ამ ბრწყინვალებას, არასოდეს იძიებდნენ შურს მრავალტანჯულნი, არასოდეს აღმოჩნებოდა წყვდიადის ტყვეობაში.”