“გვყავდა ქართველებს ასეთი ჟურნალისტი: ნაზი შამანაური.
1982 წელს ვაჟაობაზე, ჩარგალში შეიკრიბა მთელი საბჭოთა პოლიტიკური ელიტა. შამანაური მათ წინ სიტყვით გამოვიდა და დუშეთის რაიონის თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობა ამხილა.
ის დაიჭირეს. დედამისთან ერთად. ორივე შეურაცხადად მონათლეს და იძლებითი მკურნალობა დაუნიშნეს. საავადმყოფოში შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა და 70 დღე იშიმშილა.
სისტემამ ესეც არ იკმარა. 1983 წელს შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სცემა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
ეს კი არის სტატია რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ კომუნისტში. გთხოვთ კარგად წაიკითხეთ და სცადეთ გული არ აგერიოთ.
დააკვირდით როგორ ცდილობს რეჟიმი შამანაურის გაშავებას. როგორ ცდილობს მისი ამბის გახმაურება დასავლეთს დააბრალოს.
ბევრმა ნახეთ მზია ამაღლობელის შესახებ რა იკადრა რეჟიმმა. ბევრს გაგიკვირდათ.
ნუ გიკვირთ მეგობრებო. ამათგან არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ მათი ქმედებების წყარო რაიმე სპონტანური და დაუგეგმავი იმპულსი კი არ არის, არამედ 70 წლიანი კარგად გააზრებული კაგებეს გამოცდილება.
ჩვენ დავუშვით, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მისი მეთოდებიც მას მიჰყვა ზედ, თორემ ივანიშვილის რუსული რეჟიმისათვის ის გუშინდელი დღეა, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ხვალინდელი,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
