ლევან სუთიძე, “ტაბულას” ჟურნალისტი, რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველი:
მინდა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა დამითმოთ ცოტა დრო.
ნინო დათაშვილს არ აქვს არაფერი მისჯილი.
სანამ ადამიანს რამეს მიუსჯი, იქამდე ის არის უდანაშაულო კანონის წინაშე. ვინც თქვენ მოგწონთ და ვინც ჩვენ მოგვწონს, ყველასთვის ერთია ეს წესი.
რატომ ზის ახლა ციხეში?
იმიტომ, რომ ჩვენი საზიზღარი და პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემა ჰარი-ჰარალეზე იყენებს პატიმრობას, როგორც აღკვეთის ღონისძიებას.
განა ზოგიერთ შემთხვევაში არ არის საჭირო. იშვიათ შემთხვევებში არის, მაგრამ ასე მასობრივად ართმევდე ჯერ განუსჯელ ადამიანს თავისუფლებას, უბრალოდ არის სისასტიკე.
სად გაეპარებათ ნინო დათაშვილი, დედა და მასწავლებელი? აგერ ბაჩიაშვილი ჩამოიყვანეს ჯანდაბიდან და ნინო დათაშვილი სად გაიქცეოდა? დაუმაგრე სამაჯური, თუ მოიხსნის, იპოვი სწრაფად.
ღონისძიება ამას იმიტომ ჰქვია, რომ სასჯელი არ არის. თქვენ მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი მას იყენებს სასჯელად.
შემდეგ ამას მოსდევს უბრალოდ ანტიჰუმანიზმის მთელი ჯაჭვი.
როცა ადამიანს განსჯამდე (ჯერ რა განსჯამდე, მაგრამ სიტყვის მასალად ვამბობ) ამწყვდევ, ეს არის ადამიანობის მიწის პირისგან აღგვა.
შემდეგ, თუ ამ სასჯელს მოსდევს თანხმლები გაუარესება ჯანმრთელობის, ეს არის ტყვის წამება. ბოროტების უმდაბლესი ფორმა.
ახლა, რასაც ადვოკატი ამბობს, ნინო დათაშვილს აქვს დეპრესია, ტირის. აქვს სხვა პრობლემებიც.
უპირებენ ფსიქიატრიულში გადაყვანას.
გინახავთ ჩვენი ფსიქიატრიულები?
ზოგიერთს მართლა სჯობს ქალთა დაწესებულებაში დარჩე და მაგდა პაპიძემ გიმკურნალოს.
ასეთ დღეში ვართ და დაგვეხმარეთ, რომ ის, რაც თქვენ, თქვენს შვილს, მამას, დედას, მეგობარს, რა ვიცი – შეიძლება შეეხოს, შევაკავოთ, იქამდე სანამ სამშვიდობოს გავალთ.
ადამიანის ხორცის ჭამას რომ დაეჩვევა მხეცი, მერე ის პატრონსაც აღარ არჩევს.
ასეთებზე ხმა უნდა ამოიღოთ.
გულუბრყვილოდ მიიჩნევს ამას ჩემი წრე, რაზეც გელაპარაკებით, მაგრამ მე არ ვიზიარებ ფილოსოფიას “აქამდე თუ ვერ მიხვდნენ” – სულელური მგონია და ამიტომ ვცდილობ თქვენთან ლაპარაკს.
ამოიღეთ ხმა.