“ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე:
მე მგონია, რომ ამის დაწერაც მეკუთვნის. გავიდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ დაბეჯითებით ვთქვათ: დასრულდა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის, შორენა თეთრუაშვილის მმართველობა.
შორენა თეთრუაშვილი გახლდათ კათოლიკოსი ილიას ნების აღმსრულებელი და მის ნაცვლად დარტყმების მიმღები ქალი.
მას ლანძღავდა ყველა მხდალი და მშიშარა, ვინც პატრიარქს ვერ უბედავდა.
ლანძღავდა შარაგზის ყველა ქალთმოძულეც.
სინამდვილეში კი სწორედ პატრიარქი დელეგირებდა მასზე ყველა არაპოპულარულ გადაწყვეტილებას.
სხვათაშორის, ვისაც თანამდებობებსა და იერარქიაში გგონიათ ძალაუფლება, საგულისხმო ფაქტია, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოს მართავდა მდივან-რეფერენტის პოზიციიდან.
როგორ შეიძლება ქალი მართავდესო? – იტყოდნენ ხოლმე. რატომაც არა? სად წერია, რომ კათოლიკოსის ნების გამტარი არ შეიძლება ყოფილიყო ქალი? საიდუმლოებებს აღასრულებდა თუ ქადაგებდა? რატომ არ უნდა მართავდნენ ქალები? უნდა მართავდნენ და მართავდა კიდეც.
აი, ეს ნაწილი, სწორედაც რომ შეარგოს მაღალმა ღმერთმა.
ვთქვი რა კარგი, ისიც უნდა დავაყოლო, რომ მე ვადანაშაულებ მას კათოლიკოსის ყველა საშინელი გადაწყვეტილებისთვის გუნდრუკის კმევაში, არც თუ იშვიათად კი – ინიცირებაში.
შორენას შეეძლო საშინელი შურისძიება და ჰქონდა საკმაოდ ცუდი იდეები, რომლებიც ერწყმოდნენ კიდევ უფრო კატასტროფულ პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, ერთი რამ: მას პატრიარქისთვის არასდროს უღალატია.
მას არც ახალ პატრიარქზე გადაუდია ფსონი, იმისთვის, რომ რამეს გამორჩენოდა.
შეეძლო? შეეძლო. პატრიარქი მოხუცი გახლდათ, მოსაყდრე კი ახალგაზრდა. რატომ უნდა გაებრაზებინა მომავალი პატრიარქი? მაგრამ ჩვენ რაც ვიცით, აბრაზებდა რომელია და ყველანაირად აგებინებდა, რომ სანამ თავად მართავდა, მართავდა თავად და არავინ სხვა.
ქალბატონმა თეთრუაშვილმა კარგად იცოდა, რომ მისი მსახურება ეკუთვნოდა 141-ს და არა 142-ს.
ახლა მას ალბათ რომელიმე სამსახურს ჩააბარებენ, მაგრამ ნათელია, რომ მატრიარქატი დასრულდა.
შორენას პერსონალურად ჩემთვისაც აქვს საშინელი გადაწყვეტილების სახე. ამ გადაწყვეტილებებმა ჩემი თინეიჯერობა გაართულა და ახალგაზრდობა დაამძიმა, მაგრამ რატომღაც, ჩემივე კრეტინული ხასიათის გამო, ყოველთვის შემეძლო შემეხედა მისთვის ნეიტრალური თვალით, გონებაში პერსონაჟად გარდამექმნა და კერძო თვალთახედვის ნაცვლად, ისტორიული პერსპექტივიდან აღქმექვა.
ვერ ვიტყვი, რომ შორენას არ შეეძლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, როცა ეს მის პატრიარქს სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, შეეძლო! მაგრამ მას ვერავინ დასდებს ბრალს, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა უმისამართოდ, ან მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლო. შორენა თეთრუაშვილი ძალაუფლებით არ ერთობოდა.
გაგეცინებათ და ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ღირსება განუზომელი ძალაუფლების ინსტიტუტში და ჯერაც საკითხავია, აღმოაჩნდებათ თუ არა ის სხვებს.
ჩვენ ყველამ ვნახეთ კათალიკოსის გამოსამშვიდობებლად სიონის ეზოში მდგარი შორენა თეთრუაშვილი, რომელიც ცენტრალურ სცენაზე არ იდგა, მაგრამ სადაც ის იდგა, სწორედ იქ გახლდათ ცენტრალური სცენა.
ვერავინ, ვინც კათოლიკოს-პატრიარქ ილიაზე კეთილსინდისიერი წიგნის დაწერას გადაწყვეტს, გვერდს ვერ აუვლის შორენას,
ქალს, რომელმაც უერთგულა მის პატრიარქს.
ფოტო: პუბლიკა, მინდია გაბაძე




