ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა – ჩვენი ხალხის ურყევი ნება არის ნიველირებული, არჩევნები არის ჩატარებული „ეფესბეს“ მიერ

26 ოქტომბერს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა – ჩვენი ხალხის ურყევი ნება არის ნიველირებული, არის ჩატარებული „ეფესბეს“ მიერ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, არჩევნების შედეგები არცერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უღიარებია და ეს ასეც დარჩება.
„პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენი ხალხის ურყევი ნება არის ნიველირებული, არჩევნები არის ჩატარებული „ეფესბეს“ მიერ. ამ ვითარებაში ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს არცერთ საერთაშორისო პარტნიორს ჯერჯერობით არ უღიარებია არჩევნების შედეგები და ეს ასეც დარჩება, ვინაიდან და რადგანაც ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი და არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული. ქალბატონი პრეზიდენტის ძალიან მკაფიო განცხადება, რომ საქართველო რუსული სპეცოპერაციის შედეგად არჩევნები არის წართმეული ივანიშვილის მიერ, არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება ოპოზიციას – მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ მათ შორის ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევით გუშინდელი ერთობის ჩვენების ძალისხმევით და დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დგომით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და არ მივცემთ ლეგიტიმაციის მიღების საშუალებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას,“ – განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.