ლევან სანიკიძე – გუშინდელი დღე ნათლად ასახავს, რა მდგომარეობაში ჩააყენა ივანიშვილმა საქართველო – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც უნდა დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ცხოვრება აღარ იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებული მოვლენები ნათლად ასახავს, თუ რა მდგომარეობაში ჩააყენა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო.
როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დაღუპულთა მემორიალთან მიდიხარ და არ ამბობ, თუ ვინ მოაწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ქვეყანაში, „ეს ძალიან უხერხულია“.
„გუშინდელი დღე ნათლად ასახავს, რა მდგომარეობაში ჩააყენა ივანიშვილმა საქართველო. 9 აპრილიც კი ვერ გვაერთიანებს. ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს სხვა აღქმა გვაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. დილის საათებში კიდევ ვფიქრობდი, რამდენად მისაღები იყო ის ფორმა, რომელსაც ჩვენ მივმართავდით, მაგრამ ირაკლი კობახიძის განცხადება რომ ვნახე, ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ცხოვრება აღარ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რას ხედავენ და როგორც ცხოვრობენ? არ აინტერესებთ ჩვენ რა რეპრესიებში ვართ, მედიას რა პრობლემები ექმნება, ოპოზიციის აკრძალვა, პოლიტპატიმრები რომ არიან ამ ქვეყანაში. მათაც დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ცხოვრება აღარ იქნება. როდესაც იმ ძალას უჭერ მხარს, რომელიც ვერ ამბობს, 9 აპრილი ვინ მოაწყო, 2008 წლის ომი ვინ დაიწყო, უფრო მეტი უნდა იფიქრონ ამ დროს. უამრავმა ადამიანმა თავისუფლად შეძლო პატივის მიგება, მაგრამ როდესაც ელემენტარულ კითხვას გისვამენ, 9 აპრილი ვინ მოაწყო და ვერ პასუხობ, უკვე უხერხული სიტუაცია იქმნება“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ 9 აპრილთან დაკავშირებით ს ხსენებაც არ უნდა.
„მმართველმა გუნდმა ჯერ თქვას, 9 აპრილი ვინ მოაწყო და საბჭოთა კავშირის, ისევე, როგორც რუსეთის, ხსენებას ნუ ერიდება“, – განაცხადა სანიკიძემ.