„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, მიუთითებდა მათ კიდევ ერთ უკანდახევას – როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის, „გლობალურ ომის პარტიას“ ესაუბროს, ოღონდ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროს, ვინ ან რომელი ორგანიზაცია, რომელი სახელმწიფო წარმოადგენს ამ პარტიას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოსაქცევად.
„მნიშვნელოვანია იმ საკითხზე ხაზგასმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, ჩვენი ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან გაანადგურა, მათთვის მთავარი საფრთხე, როგორც ჩანს, იყო სანქციები, რომლებიც უკვე ძალაში შეჰყავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათი გადაწყვეტილება, მათ შორის, გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“დაკავშირებით, მიუთითებდა მათ კიდევ ერთ უკანდახევას. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის, გლობალური ომის პარტიას ესაუბროს, ოღონდ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროს, ვინ ან რომელი ორგანიზაცია, რომელი სახელმწიფო წარმოადგენს ამ პარტიას. მათი მხრიდან ამ საკითხის ასე დაყენება არასერიოზულია“, – განაცხადა სანიკიძემ.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ლევან სანიკიძე, ასევე, უშუალოდ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უწყების ეს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ მმართველ პარტიას სანქციების ეშინია.
“ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სანქციებისა და მარცხის საფრთხეს გრძნობს. ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი თვისება არის ის, რომ საკვანძო მომენტში უკანდახევის ერიდება. მაგრამ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწიათ. ქართველი ხალხის ურყევი ნება და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ქართველი ერისთვის დახმარების გაწევა, როგორც ჩანს ხუმრობა ეგონათ, მაგრამ როდესაც ეს უკვე რეალობად იქცა, მიხვდნენ, რომ ამ საკითხზე ხუმრობა აღარ ღირს და მათი მხრიდან ისეთი ზომებია გასატარებელი, რომელიც მათ კოლაფსისგან და ხელისუფლების ჩამოშლისგან გადაარჩენს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ. შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილება “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მიიღო.
