ფაქტი ერთია, რომ გერმანიის ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, რომ ამას გადაიაზრებს და გაანალიზებს გერმანიის ხელისუფლება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა თავად გერმანიის ხელისუფლება როგორ ხედავს საქართველოში პეტერ ფიშერის საქმიანობას.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენი ხმები არ არის მარტო ამ საქმეში. ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხი თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას ეს კითხვები და კარგია, რომ მათ შორის გერმანიაში ეს ხმები ისმის. საინტერესოა გერმანიის ხელისუფლების პასუხი რა იქნება, როგორ ხედავენ ისინი რეალურად ყოფილი ელჩის საქმიანობას ჩვენთან. ფაქტი ერთია, რომ ამ ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, რომ ამას გადაიაზრებს და გაანალიზებს გერმანიის ხელისუფლება და შემდგომი ნაბიჯები, რასაც ისინი გადადგამენ, პირიქით შემოატრიალებს და დააბრუნებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს იმ წერტილში, რასაც იმსახურებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.”-განაცხადა ლევან მახაშვილმა.
