ლევან მახაშვილი კაია კალასის განცხადებაზე – კონკრეტული პირების მხრიდან იკვეთება ინტერესი, შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში

მინიმუმ არასერიოზულია, – ასე შეაფასა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება.
მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით იკვეთება ინტერესი, „შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას მათი ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში“.
„მინიმუმ არასერიოზულია. ზოგადად, სადაც ეს განცხადება გააკეთა – საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც იქნა პირველად დღის წესრიგი ის არის, რაც რეალურად ევროკავშირის პრობლემაა. ეს არის მთელი ის კრიზისები, ომები და პოლიტიკური დაძაბულობები, რომელიც ევროკავშირის როგორც შიგნით, ასევე გარეთ არის. საქართველო ამ დღის წესრიგში ლოგიკურადაც არ არის, რადგან საქართველო არ ყოფილა და არც იქნება ის მთავარი პრობლემა, რაზეც შეიხლება ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილოს – საქართველო იყო, არის და იქნება ზოგადად დასავლეთის სანდო პარტნიორი ამ რეგიონში. კალასის განცხადებებს რაც შეეხება, არასერიოზულია. რაც იკვეთება არის ის კონკრეტული პირების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით პირადად გამორჩეული ინტერესი და ინტერესი, რომ შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას მათი ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში. მხოლოდ ამას ვაკვირდებით. სხვა რაიმე საინტერესო არც მისგან და არც მისი კოლეგებისგან არ მოდის“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა: „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს“. მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
„ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს