ლევან მახაშვილი – ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე, ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში – ჩვენ კი ვივლით წინ!

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში – ჩვენ კი ვივლით წინ! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი წერს.
მახაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მმართველი გუნდი „სათანადოდ შეაფასებს თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას და იმოქმედებს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ“.
მახაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა წინააღმდეგობებით იქნება სავსე.
„იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება. იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის საკითხს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებენ და გაწევრიანების პროცესს დაუსრულებელ ლაბირინთად აქცევენ.ითამაშებენ ჩვენი მოსახლეობის ემოციებსა და ნერვებზე. ჩაერევიან შიდა საქმეებში და ეცდებიან თავიანთ ჭკუაზე ატარონ საქართველო.
თუმცა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“. ჩვენ ვმოქმედებთ არა დღევანდელობით, არამედ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღით – გაერთიანებული, მშვიდობიანი, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფოს იმედითა და მიზნით.
ჩვენ საქართველოს ინტერესებით გადავდგამთ თითოეულ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში. ჩვენ კი ვივლით წინ. სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ“, – წერს ლევან მახაშვილი.