პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, გასულ წელს აფასებს და წერს:
საშინელმა სიბნელემ დაისადგურა ჩვენ ირგვლივ… ყოველდღე ახალ უბედურებებს ვისმენთ: სერიული მკვლელი გვყოლია პროკურორად, თურმე ქურდები მართავდნენ სახელმწიფოს.
ქართული დემოკრატია ძირს აგდია, ფერდში უზარმაზარი შუბი აქვს გაყრილი და სისხლისგან იცლება.პარალელურად, ადამიანები ეკონომიკური ტყვეები არიან, შემოსავალი არაფერში ყოფნით, იღებენ ვალებს და მაინც არ აქვთ ნორმალური და გარანტირებული საცხოვრებელი, გემრიელი და სასარგებლო საკვები, კომფორტული სამოსი და ფეხსაცმელი, ვერ სარგებლობენ ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემით, ვერ ახერხებენ შვილებისთვის მაღალი რანგის განათლების მიცემას… ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, ჩვენი თანამოქალაქეები შრომით წელში წყდებიან, მაგრამ მაინც ბორბალში მორბენალი ზღვის გოჭის მდგომარეობაში გრძნობენ თავს.
საფრთხეშია სასიცოცხლო სივრცე. უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ დაბინძურებულ მდინარეს, შხამიან სმოგს ჩვენი ქალაქის თავზე, აფეთქებულ ან დაღარულ ნიადაგებს, ერთი კილო ხახვის ფასად გაყიდულ ტყის მასივებს, ჩვენი მყინვარებიც კი დაიძრნენ…
ამ ყველაფერს თან ახლავს არნახული ხიდჩატეხილობა ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. მძვინვარებს ხანძარი მშობლებსა და შვილებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სამეზობლოებს, სამეგობროებს შორის. საითაც არ უნდა გაიხედო მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე, ბრძოლა ერთადერთი მიზნით – ან ყველაფერი, ან არაფერი! ნულოვანი თანაგრძნობა, დაუნდობლობა მეფობს ჩვენს საზოგადოებაში (მარტო პოლიტიკაში არა)… გასვენებაში მისვლის ეშინია ხალხს ან პოლიტიკური ნიშნით არჩევენ პანაშვიდებს.
დიდი ომების დროსაც კი არსებობდნენ შუამავლები, რომლებიც მხარეთა შორის დიალოგს უზრუნველყოფდნენ, საქართველოში შუამავლობა წარმოუდგენელია…ყველა იმ კუნძულს, სადაც სუნთქვა ჯერ კიდევ შეიძლება საფრთხე ემუქრება.
მსოფლიო ტრამპის მსგავსი შეშლილი ნარცისების ხელშია.
მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც ანთია ჩვენს გულებში:
ბევრი ხომ პატიოსნად შრომობს, პატიობს, ერთიანდება, ზრუნავს დანარჩენებზე, მღელვარე და ხმაურიანი ტალღების მიუხედავად მაინც დროშასავით მოაქვს მაღლა შემართული სანთელი და მისი ალი!ამასთანავე ისტორიის ჩარხი უკან ხომ არ დატრიალდება, მათ შეუძლიათ ყველა ყვავილი მოგლიჯონ და მოთხარონ, მაგრამ ამით გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებენ!
2026 წელს გაზაფხული მოსულიყოს, ნამდვილი გაზაფხული




