ლევან იოსელიანი: ერთადერთი სახალხო დამცველი ვარ, ვინც არ იტყუება

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ის ასრულებს სახალხო დამცველის ფუნქციებს და არ იზიარებს მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას. ჟურნალისტების კითხვებს მან გორში, სოციალური საცხოვრისის მონახულების შემდეგ უპასუხა.
17 იანვარს ომბუდსმენის აპარატთან გამართულ აქციაზე ის გააკრიტიკეს პროევროპული აქციების მონაწილეთა შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო – მან ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ „აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება ვერ დაინახა“. იოსელიანმა აქციის გამართვის შემდეგ თქვა, რომ „რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის“.
„სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებასაც, წამების მუქარასაც, არაადამიანურ მოპყრობასაც – კონკრეტულ შემთხვევაში რომელს ჰქონდა ადგილი, გაარკვიოს… საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისში ნამყოფია, ყველა თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე ლაპარაკობს საჯაროდ და არ იტყუება“, – თქვა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველის მიმართ კრიტიკა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გაკეთებული განცხადების გამოც ისმის. მან თქვა, რომ არ უნახავს ს გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება.
28 ნოემბრიდან თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები დაიწყო პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პროტესტი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე. ამ დრომდე არავინაა დასჯილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ