ლევან დავითაშვილი – ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის საქართველოში ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომისრის ვიზიტის ფარგლებში, დღეს პირველად შედგა მაღალი დონის დიალოგი ენერგეტიკის სფეროში. როგორც ჩვენ შევთანხმდით, მაღალი დონის დიალოგი უკვე რეგულარულად, ყოველ წელს გვექნება, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში დღეს თბილისში პირველი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ენერგეტიკულ საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალ გზას იწყებს, როდესაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით. ამასთან, როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს რეფორმების შესრულების თვალსაზრისით – ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.
„ამისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით და კონკრეტულად, ენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა, მიღწეული პროგრესის გარდა, ასევე ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ენერგეტიკის მიმართულებით ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს. ქვეყანას, რა თქმა უნდა, უდიდესი ენერგოპოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიების კუთხით და ამ პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ათვისების გზაზე ჩვენ ვგრძნობთ ევროპის და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მჭიდრო დიალოგი აქვს როგორც ევროკომისიასთან, ისე Energy Community-სთან. რეფორმების განხორციელების პროცესში კი, ქვეყანა მუდმივად იღებს ტექნიკურ მხარდაჭერას ევროპელი მეგობრების მხრიდან. როგორც დღეს ლევან დავითაშვილისა და კადრი სიმსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, მათ შორის შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც უკვე ნელ-ნელა ინერგება. თუმცა, ჩვენ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით ვმუშაობთ, სადაც, დარწმუნებული ვარ, მჭიდრო დიალოგის ფარგლებში ასევე პროგრესი გვექნება. ასევე ვმუშაობთ ინსტიტუციური მოწყობის და გაუმჯობესების კუთხით, სადაც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები მკაფიოდ იქნება გამიჯნული და ესეც, რა თქმა უნდა, უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, როგორც დღეს მხარეები შეთანხმდნენ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.