„ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას თეთრ სახლში, კერძოდ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პირველი შეხვედრა გამართა, – იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.
26 აპრილს გავრცელებული ცნობის თანახმად, ლევან დავითაშვილი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს დირექტორს, ენდრიუ პიკს.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები არ გავრცელებულა – სამინისტრომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუკზე თეთრი სახლის ფოტო დაურთო.
ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, 2024 წლის აპრილიდან, ეს თანამდებობდა მაიკლ კარპენტერს ეკავა.
რა თქვა დავითაშვილმა
დავითაშვილი-პიკის შეხვედრას, ამავე წყაროს თანახმად, ესწრებოდა დავითაშვილის მოადგილე გენადი არველაძე.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრა შეაფასა, როგორც „განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი“ და „მრავლისმტყველი“.
მან ახლაც გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორიოდე დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ დასმული აქცენტი:
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან“.
„თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს,“ – სამინისტროს პრესცენტრის თანახმად, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვინ არის ენდრიუ პიკი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც 1947 წელს დააარსა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა, არის აშშ-ის პრეზიდენტის ძირითადი პლატფორმა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების განსახილველად.
ამჟამად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არის მაიკ უოლცი.
ენდრიუ პიკი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტში ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე, შემდეგ კი, 2020 წელს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა.
აქამდე იგი მაიკ უოლცის, როგორც კონგრესმენის, მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
დასავლურ და რუსულ სამთავრობო პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ენდრიუ პიკი იყო ერთ-ერთი პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთ რაუნდს, 24 მარტს.
