ხარძიანის საქმეზე რატომ არ დაიბარეს მოსამართლე, ქალბატონი ნოზაძე? მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ხარძიანი სისტემის მსხვერპლად? რატომ არ იყო ასეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი? თითს მოსამართლეს რატომ ვერ უქნევდა? ვერ ბედავს ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას – „შე უნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატომ ჩააგდე?“ ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? – ეს საგამოძიებო კომისია ფარსია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოებას და „ქართული ოცნების“ წარმომდგენლების განცხადებებს, რომ კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა გიორგი გახარიასაც მოუწევს, გოგიჩაიშვილის თქმით, „გაბედონ და იმ დღესვე მიიღებენ პასუხს ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით“.
„ძალიან სასაცილოა! კომისიის სხდომაზე ზის შარმანაშვილი, რომელიც მიშას საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მერე წარადგინა ელჩად. იქ ზის ალეკო ტაბატაძე, ძალიან ოდიოზური პოლიციელი, ყველაფრის მკადრებელი თავისი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში, შევარდნაძის დროსაც. მერე მუშაობდა ვანო მერაბიშვილის პოლიციის უფროსად ქობულეთში. იყო აჭარაში სამმართველოს მოადგილე. [ვიცით] რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიციაში, განსაკუთრებით 2008-2009 წლებში, რა რეპრესიები იყო, რა ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება იყო, რა კონვეიერი მუშაობდა უდანაშაულო ადამიანების ციხეში გასამგზავრებლად. იქ არის ადამიანი, რომელიც კუდ-ის ადვოკატი იყო, ალუდა ღუდუშაური. ის თავის დროზე ადეიშვილმა იმიტომ არ გახადა [მოსამართლე], რომ კუდ-ის ადვოკატია და ახალაიას კადრიაო. იმდენად მიუღებელი იყო სააკაშვილის სისტემაშიც კი, რომ მოსამართლე ვერ გახდა. იქ ზის ვიღაც ინჯია, გაურკვეველი ადამიანი. ხან მიშასთან არიან, ხან შევარდნაძესთან, ხან ბიძინასთან. ეს ხალხი არის ამ კომისიაში, რომელიც არასერიოზულია.
მარტივად გეტყვით, ხარძიანის საქმეს იხილავენ. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა ამ ოჯახში. წინა ხელისუფლებამ გადაუარა მათ. ადვოკატი ჰყავდათ მოყვანილი, მოსამართლე არ მოუყვანიათ. მოსამართლემ ხარძიანი ციხეში არ გაუშვა? მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ეს ადამიანი სისტემის მსხვერპლად? მოსამართლეებს რატომ არ იხილავენ? რატომ არ დაიბარეს ქალბატონი ნოზაძე? რატომ არ იყო ასეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი? თითს მოსამართლეს რატომ ვერ უქნევდა? ეშინია მიშას მოსამართლეების? მათთან ბრძოლა წააგო? ვერ ბედავს ვიღაც ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას საგამოძიებო სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას – „შე უნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატომ ჩააგდე?“ ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? თუ გგონიათ, რომ პროკურატურის ყოფილ ადვოკატს და ახლანდელ გადმობარებულ ადვოკატს რომ მიიყვან და თითს დაუქნევთ, ამაში იზომება თქვენი გამბედაობა? მიიყვანეთ ის მოსამართლეები, თუნდაც, „მაგნატის“ საქმეზე ვინც იყო, ვინც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გაბედე და მიიყვანე ის მოსამართლე. აქ გამბედაობა არ გაქვს, თქვენთვის აქ წითელი ხაზია. ამიტომ, ვამბობთ, ფარსია ეს საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება კომისიის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაზე აგვისტოს ომის განხილვა „დისკრედიტაციას უწევს და ქართული არმიის მორალზე ცუდად მოქმედებს“. გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებასაც. მისი თქმით, ეს „ჩვენს სახელმწიფოსა სუვერენიტეტს ასუსტებს“.
„განცხადებები, რომლებმაც სეპარატისტული ანკლავები აიძულა, ასეთი განცხადებები აკეთოს, რა თქმა უნდა, ჩვენს სახელმწიფოს, სუვერენიტეტს ასუსტებს. ქართულ პატივმოყვარეობაზე, თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე მოქმედებს. ამ პროცესს თავის ზურგზე იწვნევს „ქართული ოცნება“. ის ძალიან დიდ ზიანს მიიღებს ამასთან მიმართებით. ეს ზიანი, შეიძლება, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველიც კი გახდეს მომავალში. მათი უპასუხისმგებლო ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ეს ზიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან. ადამიანთან რომ ჩახვალ და დახმარებაზე საუბარს დაუწყებ, შემოგიტრიალდება და გეტყვის – აგერ, სოზარ სუბარს სხვა ამოცანა აქვს და ჩვენგან რა გინდათო. ამიტომ ვამბობ, ჩვენი გამოსასწორებელი იქნება ის ზიანი, რომელსაც ახლა ეს კომისია, თუნდაც ამ საკითხთან მიმართებით აყენებს.
ბიძინა ივანიშვილს ძალიან მარტივი ამოცანა აქვს. ის სისტემური ძალადობა, რაც მან არჩევნების შემდგომ დაიწყო, ასეთი პროცესები დაგეგმილი არ ჰქონდა. ეგონა, რომ ყველაფერი მარტივად შერჩებოდა, გადააგორებდა და გააგრძელებდა გზას. მას სისტემური ძალადობა მოუწია. ბიძინა ივანიშვილი ადამიანებმა სხვა თვალით დაინახეს. როგორც თავად აშინებს მიშათი, თვითონაც საშიში გახდა. მან გააფუჭა ურთიერთობა ევროპასთან, აშშ-სთან, მან პოლიცია ქართველი ახალგაზრდების საცემად გამოყენება და ამას დღემდე აგრძელებენ. მან ციხეები სინდისის პატიმრებით გაავსო, ხალხის ტყვედ აყვანა დაიწყო. ახლა მარტივი ამოცანა აქვს – გახსნას ეს იარები და თქვას, რომ მე კი ვარ ნაძირალა, არაადამიანი და ცუდი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან. ამ პრაქტიკული ამოცანის განხორციელების საშუალებასაც არ მივცემთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება რეაქცია ამ ე.წ. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
გარდა აღნიშნული თემისა, გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. გოგიჩაიშვილის თქმით, „სასაცილოა, როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი“.
„მივმართავ „ქართული ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ ამომრჩეველს – ჩემო ძვირფასებო, ჩემთვის ძალიან სასაცილოა ხოლმე, როდესაც „მიშას ნაცი“ გამოდის 2025 წელს და ჩვენ გაუქმებით გვემუქრება. „მიშას ნაცი“, მდინარაძე, ადეიშვილის პროკურატურის ხელის ბიჭი და ყველაზე დისკრედიტებული, ბინძური ადვოკატი იყო. ყველაფერს ეგ აკეთებდა, ყველაფერს მას ავალებდნენ. ქვეკონტრაქტორი იყო ადვოკატების. უბინძურესი როლი ჰქონდა მიშას რეჟიმში. ეს „მიშას ნაცი“ 2025 წელს მე მეუბნება, რომ მან უნდა მიმართოს იმ კომისიის საფუძველზე, სადაც უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც ასევე, პირდაპირი მნიშვნელობით „მიშას ნაცები“ იყვნენ. მან უნდა მიმართოს როინიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო მოსამართლეა და რომელიც თავის დროზე, ადეიშვილისა და შავაძის პროკურორი იყო, რათა გამაუქმოს. ამ ტრაგედიაზე, სისულელეზე, სიბრიყვეზე ძალიან გვეცინება და ძალიან არასერიოზულია. არაფრის თავი არ აქვთ მათ. რისი ამკრძალავები არიან? „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობა რომ აიღოთ, 30%-ზე მეტი ყოფილი „მიშას ნაცები“ არიან. ამ ორსახეობას, უნამუსობასაც თავის საზღვარი აქვს. მათ ბობოქრობას, ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის არანაირი რესურსი [არ აქვთ]. როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი, უბრალოდ, ძალიან სასაცილოა“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება დღეს დაგეგმილ აქციას, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ ის, რომ ხვალ სხვა რეალობა დადგება, ამ მოლოდინების შექმნა საჭირო არ არის“.
„პოლიტიკური პროცესი დინამიკური პროცესია. დღევანდელი აქცია და ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია. ამ აქციას გარეთაც უყურებს ხალხი. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ეს ბევრ გადაწყვეტილებას ტონს აძლევს. ეს ემოციას აძლევს, თუნდაც იმ სენატორებს, რომლებმაც ცივი შხაპი და ცივი წყალი გადაასხეს „ქართულო ოცნებაში“. გვახსოვს ამ აქტის მიღების შემდგომ ყოფილი პორტირებული ნაცის ბრიფინგი, სადაც მან ფაქტობრივად, ყველას განადგურებით დაგვემუქრა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „კობახიძეს 34 წლის წინ რომ მიეღო რეფერენდუმში მონაწილეობა, „არას“ შემოხაზავდა“.
