ლევან გოგიჩაიშვილი – ვახტანგ გომელაური პირდაპირი მნიშვნელობით ცრუ მოწმეა

ვახტანგ გომელაური პირდაპირი მნიშვნელობით ცრუ მოწმეა, ზუსტად იცის, რომ სხვა რეალობა იყო, მაგრამ მივიდა და შეგნებულად იცრუა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენაზე და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „ჩორჩანას საქმეში ცრუ მოწმეები არიან ბიძინას ხალხი, ხოლო 20 ივნისის საქმეში ბრალდება ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ჩვენებებზეა აგებული“.
მისი თქმით, ვახტანგ გომელაურს, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმის პერიოდში სუს-ის უფროსი იყო, შეუძლებელია არ სცოდნოდა, თბილისის ზღვიდან 100 კილომეტრში, რა ხდებოდა.
„ძალიან სამწუხაროა. მე არ მეგონა, თუ ეს ადამიანები ასე დაეცემოდნენ. აქ მარტო ბატონი გომელაური არაა….ვიღაცები თუ ცრუ მოწმეებად გადაიქცეოდნენ და დამსმენებად, ამ ადამიანებისგან ნამდვილად არ ველოდებოდი. [გომელაური] რა თქმა უნდა, დამსმენია, აბა რა არის. ტყუილს რომ საუბრობ, მიდიხარ და ჩვენებას იძლევი, დამსმენი ხარ და ცრუ მოწმე ხარ. პირდაპირი მნიშვნელობით ცრუ მოწმეა, ზუსტად იცის, რომ სხვა რეალობა იყო, მაგრამ მივიდა და შეგნებულად იცრუა. არ არსებობს, რომ გომელაური არ ყოფილიყო საქმის კურსში. გახარიას შეიძლება გადაწყვეტილება მიეღო მის იერარქიაში, -ში, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება მთავრობას, მთავრობაზე საკითხები მიიღება ხმათა უმრავლესობით.
[გომელაურს] პასტა და ფურცელი ვერ გააგდებინეს, ასე ჰქვია, როდესაც ცრუ მოწმე ხარ და ჩვენებებს იძლევი საკუთარი ნების წინააღმდეგ. ვახტანგ გომელაური ჩვენებაში ამბობს, რომ ვითომ არაფერი არ იცოდა, რაც საკმარისი გახდა ვიღაცისთვის ბრალის წაყენებისთვის. ერთადერთი ადამიანი, ისიც ქალი, იყო მაია ცქიტიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მე ვიცოდი ამბავიო და ეს არ აქვს გათვალისწინებული პროკურატურას.
ყველამ იცის, რომ დაზვერვის ოფისი არის თბილისის ზღვასთან. კაცმა, რომელსაც ინფორმაცია უნდა მოეტანა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, თეირანიდან, სტამბოლიდან და ა.შ. არ იცოდა თბილისის ზღვიდან დაახლოებით ას კილომეტრში, ხაშურის რაიონში, სოფელ ჩორჩანას მისადგომებთან რა ხდებოდა? მაშინ ან იდიოტია, ან ნაძირალაა. ვფიქრობ, ნაძირალაა იმიტომ, რომ მქონია ურთიერთობა, იმ კაცს იდიოტობის არაფერი ეტყობოდა. მაგარი ნაძირალაა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ბრალში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას, ფაქტობრივად, არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს დაზიანება – ეს არის თეატრი